კეზერაშვილის კუთვნილმა კომპანიებმა – შპს “მედია ჯორჯია” და “ჯორჯიან მედია კომპანი”, რომლებიც საჯარო რეესტრში 3 ოქტომბერს დარეგისტრირდა, ორივე ტელეკომპანიის 40-40%-იან წილში 750 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა. მანამდე აღნიშნულ წილს ორივე კომპანიაში სააკაშვილის მეგობრის, გიორგი ყარამანიშვილის ნათესავი, ლევან ყარამანიშვილი ფლობდა.
კეზერაშვილმა “რუსთავი 2”-ის 40%-იანი წილი ნახევარ მილიონ აშშ დოლარად იყიდა, ხოლო “მზეში” – 250 ათას აშშ დოლარად. 5 დღეში კეზერაშვილმა აღნიშნული ქონება იგივე ფასად ისე გაასხვისა, რომ მოგება არ უნახავს.
“რუსთავი 2–სა” და “მზის” ახალი მეწილე გიორგი ყარამანიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახლო მეგობარია. ამას თავად პრეზიდენტის ერთ–ერთი საჯარო გამოსვლაც ადასტურებს.
“ჩემს მეგობარს, გია ყარამანიშვილს წინაპრების მიერ აშენებული ოთხი სახლი ჰქონდა გაგრაში, სოხუმში, ბიჭვინთაში და ოჩამჩირეში. როდესაც გია ყარამანიშვილს დაუბრუნებენ ამ ოთხ სახლს და მისცემენ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, მაშინ შეიძლება ეს არჩევნები ჩაითვალოს კანონიერად,” – ამ სიტყვებით გამოეხმაურა პრეზიდენტი სააკაშვილი 2005 წელს დე ფაქტო აფხაზეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს.