14 იანვარს თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის წინ, მსახიობ ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნა.
მსახიობ ნატო ვაჩნაძის ბრინჯაოს მონუმენტი, რომელიც მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძეს ეკუთვნის, 2,20 მეტრის სიმაღლისაა და მისი დამზადება–დადგმა დედაქალაქს 68 145 ლარი დაუჯდა.
ნატო ვაჩნაძე, საბჭოთა პერიოდის ცნობილი მსახიობი, 1904 წლის 14 ივნისს პოლონეთში, ვარშავაში დაიბადა. 1910 წელს კი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა. იგი 1953 წელს, საკუთარ დაბადების დღეზე მოსკოვიდან თბილისში მგზავრობის დროს, ავიაკატასტროფაში დაიღუპა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
თბილისის მერიამ ხელშეკრულება მონუმენტის აღმართვაზე 2016 წლის ნოემბერში გააფორმა.