ახალი ამბები

საპატრიარქო: აფხაზეთსა და ცხინვალში ისტორიული ძეგლების მონიტორინგის გზა უნდა გამოიძებნოს

13 იანვარი, 2017 • 7137
საპატრიარქო: აფხაზეთსა და ცხინვალში ისტორიული ძეგლების მონიტორინგის გზა უნდა გამოიძებნოს

საქართველოს საპატრიარქო აფხაზეთში მე-19 საუკუნის ეკლესიისა და ებრაული სასაფლაოს განადგურების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ფაქტი საგანგაშოა და იმისათვის, რომ მსგავსი საშიშროება სხვა ძეგლებსაც არ დაემუქროს, საჭიროა, საქართველოს ხელისუფლებამ გამონახოს გზა, რათა იუნესკოს სპეციალისტების საშუალებით განხორციელდეს როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში არსებული ისტორიული ძეgლების მონიტორინგი, რისი დაცვისა და რესტავრაციის საშუალებაც ქართველ სპეციალისტებს არ ეძლევათ. საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული რეგიონების ადგილობრივი მოსახლეობა და სათანადო სამსახურები ამის წინააღმდეგი არ იქნებიან:

“რამდენიმე დღეა ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეების მიერ ისტორიული ძეგლის და მიმდებარე სასაფლაოს განადგურების შესახებ. ბოლო მონაცემებით დასტურდება, რომ წებელდეს ციხის კომპლექსში შემავალი მე-8- 9-ე საუკუნეებით დათარიღებული ნაეკლესიარი მართლაც იქნა დანგრეული და ასეთივე ბედი ეწია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აქ მცხოვრები პოლონელების სასაფლაოს. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ მშვიდობიან პირობებში მიწისაგან პირისა აღიგავა მე-20 საუკუნის შუა ხანების სასაფლაო და გვიან შუა საუკუნეების ნასოფლარი, სამაროვანი და ეკლესიის ნანგრევები, რომელსაც ერთნაირად პატივს მივაგებდით როგორც ქართველები, ისე აფხაზები და იქ მცხოვრები სხვა ეროვნების წარმომადგენლები” – ნათქვამია განცხადებაში.


გამოცემა ეხოკავკაზას ადგილობრივი კორესპონდეტის ცნობით, 2016 წლის 3 იანვარს სოფელ წებელდაში [გულრიფშის მუნიციპალიტეტი] გარკვეული ტერიტორია, რომელიც 2011 წლის შემდეგ აფხაზურმა მხარემ რუს სამხედროებს სამხედრო პოლიგონისთვის გადასცა, მძიმე ტექნიკა შეიყვანეს და სასაფლაოს ტერიტორიაზე არსებული მე-19 საუკუნის ეკლესიის ფრაგმენტების ნგრევა დაიწყეს. ადგილობრივი მორწმუნეები აღნიშნულ ტერიტორიას წმინდა ადგილად მიიჩნევდნენ. სწორედ მათივე დაჟინებული მოთხოვნით, აღნიშნული სამუშაოები შეჩერდა. ფაქტს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო და შესაბამისი სპეციალისტები სწავლობენ. შესაბამისი აქტი შედგა პოლიგონის ხელმძღვანელზე, ვიქტორ გრიშენკოზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი