“მე მინდა გამოვეხმაურო “ასავალ–დასავალში” გამოქვეყნებული სიების ამბავს და საპროტესტო აქციას. ჩვენ ვნახეთ აქციაზე გამოჩენილი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები, სამწუხაროა, რომ ეს ძალადობრივი ჯგუფი და მისი თაოსნები ისევ აგრძელებენ მოღვაწეობას. მიუხედავად იმისა, რომ 2010 წელს “კავკასიაში” შეჭრის გამო მათი რამდენიმე წევრი კიდეც დააპატიმრეს, მათ მიმართ არანაირი ღონისძიებები არ ტარდება. ამ ჯგუფის გამოჩენას აუცილებლად უნდა გამოეხმაუროს სამოქალაქო საზოგადოება, რადგან ისინი საზოგადოებისთვის საშიშნი არიან”, – განაცხადა ბექა მინდიაშვილმა.
ბექა მინდიაშვილი აცხადებს, რომ ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის პოზიცია, რომელიც ოფიციალურად არ დაფიქსირებულა:
“წლების მანძილზე არ ყოფილა არც ერთი ფაქტი, რომ საპატრიარქოს ასეთი ფაქტი დაეგმო, პირიქით, მმკ–ს ერთ–ერთი წევრი დავით ისაკაძე საპატრიარქომ კიდეც დააჯილდოვა. ისინი თვლიან, რომ ეს ორგანიზაცია ემსახურება სიმართლეს”, – განაცხადა მინდიაშვილმა.
საპატრიარქო ოფიციალური პოზიციის დაფიქსირებისგან ამჯერადაც თავს იკავებს, პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი თვლის, რომ ეს ინციდენტი კერძო დაპირისპირება იყო, რასთანაც საპატრიარქო კავშირში არაა:
“მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლები არ არიან საპატრიარქოს წევრები, ისინი არიან კერძო პირები, მოქალაქეები, რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი ხედვა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. იქ, მათ გარდა, სხვა პირებიც იყვნენ და ეს იყო მათი დაპირისპირება. ფაქტთან დაკავშირებით საპატრიარქოს არანაირი შეფასება არ გაუკეთებია და ოფიციალური პოზიციის დაფიქსირებას არ ვაპირებთ”, – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.
ბექა მინდიაშვილმა ასევე დაგმო მწერალ ზაზა ბურჭულაძეზე თავდასხმა და სამართალდამცავებს რეაგირებისკენ მოუწოდა:
“ჩემი აზრით, ეს ფაქტი სასწრაფოდ უნდა იყოს გამოძიებული, მიუხედავად იმისა, მიმართა თუ არა ძალადობის მსხვერპლმა პოლიციას”, – განაცხადა მინდიაშვილმა.
“ასავალ–დასავალმა” ციხის თანამშრომელთა მისამართები და საკონტაქტო ინფორმაცია 3 ოქტომბერს გამოაქვეყნა, რასაც გაზეთის რედაქციასთან საპროტესტო აქციის გამართვა მოჰყვა. აქციის მონაწილეებს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები დაუპირისპირდნენ.
