ახალი ამბები

მარეგულირებელი კომისია ‘პირველი სტერეოს’ სიხშირეზე ‘მეცხრე არხის’ ჩართვას არ ადასტურებს

9 ოქტომბერი, 2012 • • 1117
მარეგულირებელი კომისია ‘პირველი სტერეოს’  სიხშირეზე ‘მეცხრე არხის’ ჩართვას არ ადასტურებს

“თუ ადგილი გვაქვს იმ შემთხვევასთან, რაც გვქონდა ივნისში და “სტერეო პლუსმა” ისევ განახორციელა “მეცხრე არხის” ღია ეთერით გავრცელება, ეს ფაქტი კომისიისთვის ოფიციალურად არ არის ცნობილი. თუ ეს დადასტურდა, საქმე კვლავ გვექნება კანონის დარღვევასთან და კომისია საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში შესაბამის რეაგირებას მოახდენს”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ხატია ყურაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისში, 8 ოქტომბერს, 21:00 საათზე, ჩვეულებრივ  სატელევიზიო ანტენიან ტლევიზორში, იმ არხზე, სადაც ტელეკომპანია “პირველი სტერეოს” სიგნალი მოდიოდა, ჩაირთო “მეცხრე არხის” სიგნალი და გადაიცემოდა მთავარი საინფორმაციო გამოშვება. 

 

რამდენიმე თვის წინ, როცა “მეხრე არხის” სიგნალის გავრცელება “სტერეო პლუსმა” მეტრული სიხშირით დაიწყო,  ამას კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მხრიდან “სტერეო პლუსის” გაფრთხილება და 5 ათასი ლარით დაჯარიმება მოჰყვა.

 

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ “სტერეო +” რადიოსიხშირეების უკანონო გამოყენებისთვის მიმდინარე წლის ივნისში 5 ათასი ლარით დააჯარიმა და “მეცხრე არხიც” გაათიშინა სიხშირიდან.

 

“სტერეო პლუსის” ხელმძღანელმა, დავით ზილფიმიანმა მაშინ განაცხადა, რომ “სტერეო პლუსი” “მეცხრე არხის“ საეთერო მაუწყებლობას მიზანმიმართულად არ ახორციელებდა და ტელეარხის სიგნალის გასავრცელებლად “სტერეო პლუსი” იყენებდა ლიცენზიით გათვალისწინებულ შესაძლებლობებს, თუმცა მოქალაქეები მეტრულ სიხშირეზე  კომპანიისგან დამოუკიდებლად სატელევიზო ანტენით ახერხებდნენ “მეცხრე არხის” სიგნალის დაჭერას.

 

“მეცხრე არხმა” და “სტერეო პლუსმა” მაშინ კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება და მოთხოვნა უკანონოდ მიიჩნიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი