შეჩერდება თუ არა ჰესების მშენებლობა, რა ფინანსურ ზარალს მოუტანს ეს სახელმწიფოს შეჩერების შემთხვევაში, რა წერია ხელშეკრულებებში, რომლებიც სახელმწიფოსა და  ინვესტორებს შორისაა დადებული – „ბათუმელები“ ამ საკითხებზე იურისტს,  გარემოსდაცვის სამართლის ექსპერტს, მერაბ ბარბაქაძეს ესაუბრა. 

 

 

მერაბ ბარბაქაძე: „ჰესებს აშენებდნენ ინვესტორები, სახელმწიფოს ხელშეკრულებებით ჰქონდა აღებული ვალდებულებები, რომ ყველანაირად ხელს შეუწყობდა ამ მშენებლობას, მაგალითად, ნებართვებს მისცემდა. ზოგიერთი ხელშეკრულების მიხედვით, ქონება უნდა გადაეცათ მათთვის. არის ხელშეკრულებები, მაგალითად, ხუდონჰესთან დაკავშირებით, როცა ერთ დოლარად აჩუქეს 2008 წელს ოფშორში რეგისტირებულ კომპანიას ხუდონჰესის მთელი ქონება. მთელი ტერიტორია, პლუს კონსტრუქციები, რაც იქ  იყო, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში აშენებული, ერთ დოლარად აჩუქეს კომპანიას იმ პირობით, რომ ის ააშენებდა ამ ჰესს. გარდა ამისა, სახელმწიფომ უთხრა, ჩვენ  ყველანაირად ხელს შეგიწყობთო. რაში გამოიხატება ხელშეწყობა –  ხუდონჰესის ხელშეკრულებაში წერია, რომ სახელმწიფომ კანონმდებლობა არ უნდა გააუარესოს, ისეთი რამე არ უნდა გააკეთოს, რომ ჰესის მშენებლობას ხელი შეეშალოს. ასევე ხელშეკრულებაში წერია, თუ, ვთქვათ, სახელმწიფომ უკან წაგართვათ ეს ერთ დოლარად ნაჩუქარი ქონება, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ ამ ქონების საბაზრო ღირებულება უნდა გადაიხადოს.

 

ხელშეკრულებების მიხედვით,  რა სარგებელი შეიძლება მიიღოს სახელმწიფომ ჰესების მშენებლობიდან?

 

 

აბსოლუტურად ყველა ხელშეკრულება მაქვს შესწავლილი. რეალურად საქართველო არაფერს იღებს ამ ხელშეკრულებიდან – არც ფულს, არც შემოსავალს, არც სამუშაო ადგილებს. ზოგიერთს უდევს პირობად, რომ ზამთრის თვეებში გამომუშავებული ენერგიის რეალიზაცია უნდა მოახდინონ საქართველოს ბაზარზე, მოთხოვნის შესაბამისად. საბაზრო ღირებულებაზეა ლაპარაკი. ჩვენთან ელექტროენერგია იმაზე ძვირი ღირს რეალურად, ვიდრე, ვთქვათ, აზერბაიჯანსა და სომხეთში. ჩვენ იმათგან შეიძლება უფრო იაფადაც ვიყიდოთ. აქაური საბაზრო ღირებულება არის უფრო ძვირი. იმას ვალდებულებას კი უწერენ, რომ აქ უნდა მოახდინონ რეალიზაცია, მაგრამ იმას კი არ უწერენ, რომ შეღავათიან ფასად. მაინც უფრო ძვირად უნდა ვიყიდოთ, ჩვენთვის შეღავათი არ არის ეს. ისეთი პირობა, რომ ცალსახად საქართველო რამე სარგებელს იღებს, ხელშეკრულებებში არ არსებობს, ვალდებულებები ბევრია.

 

 

რა მოხდება, თუკი სახელმწიფო უარს იტყვის ამ ჰესების აშენებაზე?

 

ძალიან ჭკვიანურად  არის გასაკეთებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას მოჰყვება საერთაშორისო არბიტრაჟში სარჩელი. ებრაელი ბიზნესმენების საქმე ხომ გახსოვთ, ეს იქნება გაცილებით ძვირადღირებული სარჩელი. უბრალოდ, ბიუჯეტიდან ფულს წაიღებს ის ხალხი, ვინც ამაზე მუშაობდა. ხუდონჰესის ხელშეკრულება სერიოზული ნამუშევარია, როგორც ეტყობა, უცხოელი კარგი იურისტების. ძალიან ბევრი ნიუანსი იყო გათვლილი და ძალიან ბევრი ნაღმია ჩადებული. ამ ხელშეკრულებებიდან გამოსავალს უნდა ძალიან სერიოზული და კვალიფიციური  მუშაობა. ასე რომ, ვიღაცამ შეწყვიტოს და შეაჩეროს რაღაც, ასე შეიძლება ძალიან დიდი ზარალი მიადგეს სახელმწიფოს.

 

 

შესაძლებელია თუ არა დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი,  ვინც გააფორმა ეს ხელშეკრულებები?

 

 

თქვენ როგორ ფიქრობთ, ასობით მილიონი დოლარის ღირებულების ქონებას რომ ერთ დოლარად ჩუქნი ვიღაცას, აბსოლუტურად ისეთ კომპანიას, რომელსაც არაფერი გაუკეთებია და სპეციალურად შექმნილია ერთჯერადად, აქ რაიმე სხვა აზრი შეიძლება გაჩნდეს, გარდა იმისა, რომ ეს არის ფაქტობრივად დატაცება სახელმწიფო ქონების?! მე არა ვარ სისხლის სამართლის სპეციალისტი, მაგრამ ალბათ სისხლის სამართლის სპეციალისტები ჩაუღრმავდებიან ამ საკითხს.

 

ეს ხელშეკრულებები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იყო ქვეყნისთვის საზიანო?

 

 

როგორც მინიმუმ, შემიძლია გითხრათ, რომ გარემოს დაცვის თვალსაზრისით აბსოლუტურად შეუსწავლელი იყო ყველა  ხელშეკრულება. რა ზიანის მომტანია გარემოსდაცვის თვალსაზრისით – ძნელად პროგნოზირებადია. ანუ არ შეუფასებიათ, რა ზიანი შეიძლება მოგვადგეს. ეკონომიკური თვალსაზრისით არის შეფასებული, რაიმე სარგებელს მიიღებს თუ არა ქვეყანა აქედან. ხელშეკრულებები არ ითვალისწინებს არც ეკონომიკურ შემოსავლებს, არც სამუშაო ადგილების შექმნას.  რაც შეეხება ზიანს, არსებობს საფუძვლიანი ეჭვები, მათ შორის გარემოსდაცვის სპეციალისტებს შორის, იურისტების, ეკონომისტების,  რომ ამ პროექტებმა შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ქვეყნის ეკონომიკას, გარემოს და სოციალურ სფეროსაც, იმიტომ, რომ მთელი  რიგი სოფლები უნდა დატბორონ, მთელი რიგი კულტურული ძეგლები ჩაიძიროს და  ასე შემდეგ. ერთ-ერთი პროექტით, როგორც მახსოვს, ხვამლის მთის ნაწილის ჩამოშლაა გათვალისწინებული.  

 

 

ცალსახად ჩანს, რომ გადაწყვეტილებები  მიიღებოდა საზოგადოების მონაწილეობის გარეშე, რაც არის დარღვევა, მათ შორის საერთაშორისო ვალდებულებების.

 

 

 

ახალი მთავრობის გეგმები 

 

შეჩერდება თუ არა დიდი ჰესების მშენებლობა, ამ კითხვაზე ოფიციალური პასუხის მიღება დღესდღეობით შეუძლებელია, თუმცა პარლამენტში უმრავლესობით მოსული კოალიცია „ქართული ოცნების„ წინასაარჩევნო პროგრამაში ვკითხულობთ: „სეისმურობის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, დიდი ჰესებისა და ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის აკრძალვა“.

 

 

„ეს პოზიტიურ განაცხადად მიგვაჩნია, თუმცა ამავდროულად აუცილებელია მიმდინარე მშენებლობების და არსებული კონტრაქტების შესწავლა,  აგრეთვე, გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტებისა და ნებართვების, რათა რაც შეიძლება მცირე დანაკარგებით გამოვიდეთ ამ პროცესიდან როგორც გარემოსდაცვით, ასევე ფულადი თვალსაზრისით,“ –  ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ ხელმძღვანელი მანანა ქოჩლაძე.

 

 

მას შემდეგ, რაც ახალი პარლამენტი შეიკრიბება, გარემოსდამცველები გეგმავენ ინტენსიურად ითანამშრომლონ გარემოსდაცვის კომიტეტთან.

 

 

„ჩვენ შევეცდებით, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ კომიტეტთან და რათა დაიწყოს ინტენსიური მუშაობა გარემოზე ზემოქმედების კანონმდებლობის შესაბამისობის ევროკავშირის დირექტივებსა და სხვა შესაბამის კონვენციებთან, ამასთან გარემოსდაცვის ინიციატივებთან (ნარჩენენების მართვა, ტყის კოდექსი, გარემოსდავითი კონტროლი და მონიტორინგი) ერთად მნიშვნელოვანი იქნება ისეთი ინიციატივების ფასილიტაცია, როგორიცაა განახლებადი ენერგოწყაროებისა და ენერგოეფექტურობის კანონის, თუმცა ალბათ პირველი მოთხოვნა იქნება გარემოსდაცვის კანონში 2012 წლის მარტში შეტანილი ცვლილებების გაუქმება. გვაქვს კონკრეტული რეკომენდაციები, თუ რა მიმართულებით უნდა გაუმჯობესდეს როგორც ინსტიტუციური მოწყობა, ისე კანონმდებლობა. ეს რეკომენდაციები ასახულია ჩვენს არაერთ ანალიზში. მინდა ხაზი გავუსვა ერთ რამესაც, გარემოსდაცვითი კანონმდებლობა და მმართველობის სისტემა თავიდან არის ჩამოსაყალიბებელი ამ ქვეყანაში, და აუცილებელია ეს პროცესი წარიმართოს საზოგადოების ფართო სპექტრის ჩართულობით, როგორც ამას მოითხოვს ორჰუსის კონვენცია“ – აცხადებს მანანა ქოჩლაძე. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *