ახალი ამბები

საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე საბოლოო კენჭისყრა 2 თებერვალს გაიმართება

12 იანვარი, 2017 • 2761
საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე საბოლოო კენჭისყრა 2 თებერვალს გაიმართება

ევროკავშირთან საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ საბოლოო კენჭისყრა 2 თებერვალს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გაიმართება.

2017 წლის 12 იანვარს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტმა (LIBE) ხმათა უმრავლესობით საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაციის საკითხს მხარი დაუჭირა 42 ხმით 2-ის წინააღმდეგ.

ამის შემდეგ, პროცედურის თანახმად, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს კენჭი უახლოეს პლენარულ სესიაზე უნდა ეყაროს, რაც 2 თებერვალს მოხდება.

პლენარულ სესიაზე კენჭისყრისა და საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემდეგ განახლებულ რეგულაციას ფორმალურად დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე. მიღებული გადაწყვეტილება იბეჭდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში. გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს შედის ძალაში, თუ სხვაგვარად არ გადაწყვეტს მინისტრთა საბჭო და არ გააკეთებს შესაბამის ჩანაწერს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

როგორც ევროპარლამენტარი, მომხსენებელი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, მარია გაბრიელი საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამოს, მას არაოფიციალური პირობა აქვს მიღებული ევროპული საბჭოდან, რომ პროცედურების დასაჩქარებლად საბჭო მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ ევროკავშირ-საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გადაწყვეტილება 20 დღის ნაცვლად სამ დღეში შევიდეს ძალაში. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს უკვე მარტის ბოლოსთვის შეეძლებათ შენგენის ქვეყნებში მგზავრობა.

ყველა ამ ეტაპის დასრულების შემდეგ საქართველოს ბიომეტრიული პასპორტის მქონე ყველა მოქალაქეს შეეძლება, შენგენის ზონის ქვეყნებში ტურისტული მიზნით უვიზოდ გაემგზავროს და 180 დღის მანძილზე 90 დღე დარჩეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი