ახალი ამბები

რაზე ისაუბრეს ივანიშვილმა და სააკაშვილმა [ვიდეო]

9 ოქტომბერი, 2012 • 1290
რაზე ისაუბრეს ივანიშვილმა და სააკაშვილმა [ვიდეო]

შეხვედრის დასრულების შემდეგ პირველი განცხადება ბიძინა ივანიშვლმა გააკეთა:

 

“დღევანდელი შეხვედრა გახლდათ გაგრძელება იმ ჯანსაღი პოლიტიკისა, რომელიც მე და ჩემმა გუნდმა შემოვიტანეთ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში. ჩვენ ჩვენს ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, საქართველოს მოსახლეობა. ეს გახლდათ ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზეზიც. ჩვენ საუბარი გვქონდა საგარეო პოლიტიკაზე, თანხვედრაში მოდის ის საგარეო პოლიტიკა, რაც ორივე მხარეს განცხადებული გვქონდა – ჩვენი სწრაფვა იქნება განუხრელად ევროპისკენ და აუცილებლად საქართველო მოახერხებს, უახლოეს დროში გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა.

 

კარგია, რომ მოვახერხეთ შეხვედრა, კარგია, რომ მოახერხა თვითონ სააკაშვილმა ის განცხადება, რაც მე შევუქე, არჩევნების დროს და არჩევნების შემდეგ.”

 

ამის შემდეგ განცხადება მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა:

 

“დღეს არის ისტორიული პროცესი, პირველად ამ რეგიონში ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების უმეტესი ფუნქციების მშვიდობიანად გადაცემა, ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი და ამას ჩვენ ვცემთ პატიცვს. ჩენ ვისაუბრეთ და, რა თქმა უნდა, არავისთვის არ არის მოულოდნელი, რომ ჩვენ შორის ფუნდამენტური განსხვავაებებია ძალიან ბევრ პოლიტიკურ, ეროვნულ საკითხზე, მაგრამ მე, როგორც პრეზიდენტი, რომელიც არის კონსტიტუციის გარანტი, უზრუნველვყოფ, რომ გადასვლა მთავრობების ფუნქციებს შორის მოხდეს ექსცესების გარეშე, ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ დემოკრატია, მოვაღწიოთ იმას, რომ თავისუფალი არჩევნები საქართველოში მომავალშიც გაგრძელდეს”.

 

შეხვედრაში, ივანიშვილისა და სააკაშვილის გარდა, მონაწილეობდნენ საკონსულტაციო ჯგუფების წევრები, რომლებიც მანამდე უკვე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. სააკაშვილის ჯგუფის წევრები არიან: გიგა ბოკერია, პავლე კუბლაშვილი, დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა. ხოლო ივანიშვილის სახელით კონსულტაციებში მონაწილეობენ: ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოზარ სუბარი.

მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი
მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი