ახალი ამბები

ახალი ბრალდებებით, მოსკოვს დონალდ ტრამპის მაკომპრომეტირებელი მასალები ჰქონდა

11 იანვარი, 2017 • 3413
ახალი ბრალდებებით, მოსკოვს დონალდ ტრამპის მაკომპრომეტირებელი მასალები ჰქონდა

აშშ-ის სენატორმა ჯონ მაკკეინმა გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI-ის) დირექტორს, ჯეიმს კომეის გადასცა დოკუმენტები, რომლებშიც, მათი განმარტებით, ჩანს, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიასა და მოსკოვს შორის საიდუმლო კომუნიკაცია არსებობდა, ხოლო რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს ჰქონდათ პირადად დონალდ ტრამპის მაკომპრომეტირებელი მასალები, რომლებიც 45-ე პრეზიდენტის პირად და ფინანსურ ინფორმაციას შეიცავს.

მასალები არის ტრამპის მოსკოვთან ურთიერთობის ანგარიშების სერია. დოკუმენტები გამოცემა “ბაზფიდმა” გაავრცელა, თუმცა წერდა, რომ მასალა გადაუმოწმებელი იყო და მათი გადამოწმება “პოტენციურად შეუძლებელია”. სწორედ ამ მიზეზით არ გამოაქვეყნეს იგივე დოკუმენტები სხვადასხვა გამოცემებმა, მაგალითად, ბრიტანულმა “გარდიანმა”.

როგორც “გარდიანი” წერს, ჯერჯერობით ვერც მათ მოახერხეს მასალის სანდოობის შემოწმება. თუმცა აშშ-ის ადმინისტრაციის თანამდებობის პირმა, რომელსაც “გარდიანი” ესაუბრა, წყაროს, ვისი მომზადებულიცაა ანგარიში, სანდო და კარგად ინფორმირებული უწოდა. მისივე თქმით, წყაროს რუსეთშიც ჰყავს სანდო საკონტაქტო პირები.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა ოთხშაბათს უარყო ინფორმაცია, რომ რუსეთს ტრამპის მაკომპრომეტირებელი მასალები ჰქონდა და ამ მასალებს “სრული ფაბრიკაცია და უაზრობა” უწოდა. დიმიტრი პესკოვი ირწმუნება, რომ “კრემლი არ ერევა მაკომპრომატირებელი მასალის მოპოვებაში”.

ტრამპის გუნდს “ბაზფიდის” გავრცელებულ მასალაზე სწრაფი განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა მოგვიანებით დონალდ ტრამპმა დატვიტა: “ყალბი ახალი ამბები – სრული პოლიტიკური ნადირობა ჯადოქრებზე”. “გარდიანის” შეფასებითვე, მას ბრალდებაზე პირდაპირი პასუხი არ ჰქონია.

მასალების გადაბეჭდვის წესი