ახალი ამბები

154 ათასი ლარი – ზურაბ გამეზარდაშვილის ანაზღაურება 2016 წელს

11 იანვარი, 2017 • 4632
154 ათასი ლარი – ზურაბ გამეზარდაშვილის ანაზღაურება 2016 წელს

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, რომელიც იმავე დროს სასაზღვრო პოლიციის უფროსიც იყო, 2016 წელს სამუშაოს შესრულებისთვის, დეკლარაციის მიხედვით, 154288,12 ლარი მიიღო.

გამეზარდაშვილმა, როგორც ყოფილმა თანამდებობის პირმა, კანონის თანახმად, დეკლარაცია 6 იანვარს შეავსო.

გამეზარდაშვილი თანამდებობიდან 2016 წლის 22 ნოემბერს გადადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ანაზღაურება მან 11 თვეში მიიღო.  გამოდის, რომ მინისტრის მოადგილე შესრულებული სამუშაოსთვის თვეში საშუალოდ 14026 ლარს იღებდა, მაშინ, როცა მინისტრის მოადგილის თანამდებობრივი სარგო, პრეზიდენტის 2007 წლის ბრძანებულების თანახმად, 2 720 ლარს შეადგენს.  

უცნობია, რა ოდენობისაა ამ თანხებიდან დანამატი ან პრემია, ან იღებდა თუ არა გამეზარდაშვილი ანაზღაურებას ორივე იმ თანამდებობისთვის, რომელსაც ის იკავებდა – ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას თამდებობის პირები მხოლოდ წლის განმავლობაში მიღებულ საერთო თანხას უთითებენ.

ზურაბ გამეზარდაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში 2012 წლიდან მუშაობდა,  2013 წელს დაინიშნა სასაზღვრო პოლიციის უფროსად, ხოლო 2015 წლის აგვისტოში- შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ.  ამავე დროს ის რჩებოდა სასაზღვრო უფროსის პოსტზე, რის შესახებაც 2015 წლის დეკემბერში შს მინისტრს პარლამენტში დაუსვეს კითხვა, რომელზეც გიორგი მღებრიშვილმა არ უპასუხა. მაშინდელი მოწვევის პარლამენტის წევრს, გივი თარგამაძეს აინტერესებდა, თუ რატომ იკავებდა ზურაბ გამეზარდაშვილი ორ მაღალ თანამდებობას და გამოთქვა ეჭვი, რომ ამის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ის გარემოება, რომ გამეზარდაშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის კადრია.

გამეზარდაშვილმა 2016 წლის ნოემბრის ბოლოს განაცხადა, რომ თანამდებობას საკუთარი განცხადების საფუძველზე ტოვებს. დეკემბერში კი ცნობილი გახდა, რომ შსს-ს გენერალური ინსპექცია გამეზარდაშვილის საქმეს სწავლობს ტენდერებთან დაკავშირებული დარღვევების გამო.

2016 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ შსს-ს ყოფილი მინისტრის მოადგილე რუსეთში გაემგზავრა, საიადანაც დაბრუნებულმა გამეზარდაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოსკოვში მეგობრის დაბადების დღეზე იყო.

ზურაბ გამეზარდაშვილს მხოლოდ 2016 წელს არ მიუღია მაღალი ანაზღაურება. მისივე შევსებული დეკლარაციის მიხედვით მისი ანაზრაურება ასეთი იყო:

[checklist]

  • 2015 : 137406.60 ლარი
  • 2014: 154 669.00 ლარი [ჯამურად სამ თანამდებობაზე]

[/checklist]

 

მისივე დეკლარაციებით ცნობილი ხდება, რომ ის და მისი ოჯახის წევრები  საკუთრებაში არ ფლობენ საცხოვრებელ სახლს, უძრავ ქონებას, ავტომანქანას და ასე შემდეგ, ხოლო მისი შვილი სპეციალური უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი