საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” ჟურნალისტი ვახო სანაია ამავე ტელარხის დირექტორს, გიორგი ჭანტურიას ზეწოლასა და პოლიტიკური ტოქ–შოუს დახურვაში ადანაშაულებს.
“გია ჭანტურიამ რამდენიმე წუთის წინ განმიცხადა, რომ მე მისთვის პრობლემა ვარ და ჩემი გადაცემა პოლიტიკურ პროცესებზე არ აწყობს, ამიტომ გადაცემის დახურვა მომთხოვა. რადგან მე წინააღმდეგობა გავუწიე, გადაცემა თავად დამიხურა, არადა, ეთერში ხვალ უნდა გავსულიყავი, სტუმრებიც დაპატიჟებული მყავდა”, –განუცხადა ვახო სანაიამ “ნეტგაზეთს”.
ჟურნალისტის თქმით, მას აქამდე “პირველ არხზე” ორი გადაცემა მიჰყავდა – საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებული “ევროპული არჩევანი” და “სპეციალური რეპორტაჟი”. ორი კვირის წინ, მას შემდეგ, რაც ციხის სკანდალის გაშუქება სტუდენტებმა “პირველ არხს” საპროტესტო აქციაზე მოსთხოვეს, ვახო სანაია სტუდენტურ პროტესტს შეუერთდა და საკუთარი ტელეარხის ხელმძღვანელობას პრობლემის ადეკვატური გაშუქება მოსთხოვა. ვახო სანაიამ ასევე მოითხოვა, რომ “სპეციალური რეპორტაჟის” ფორმატი შეცვლილიყო და გადაკეთებულიყო პოლიტიკურ ტოქ–შოუდ.
“ჭანტურია თავიდან ყველა ტოქ–შოუს დახურვას გეგმავდა და ის წამყვანებსაც შეხვდა, თუმცა მათთან რაზე ისაუბრა და რა გადაწყვეტილება მიიღო, არ ვიცი. მან დაარღვია ორი კვირის წინ მიღწეული შეთანხმება და ჩემი გადაცემა დახურა. მე არხის დირექტორი ვერ მათავისუფლებს ტელეარხიდან, რადგან ამის საფუძველი არ აქვს. მე ვრჩები ჩემს არხზე და გავაგრძელებ ბრძოლას, რათა აღვადგინო ჩემი გადაცემა და მოვახდინო ცვლილებები ამ ტელეარხზე, რომელიც არის საზოგადოებრივი და უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებას”, – აცხადებს ვახო სანაია.
“პირველი არხის” კიდევ ერთმა წამყვანმა, ეკა ხოფერიამ დღეს, 5 ოქტომბერს, ფეისბუქში, საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ გია ჭანტურიამ გადაცემა მასაც დაუხურა.
“გადაცემა “აუდიტორია” დამიხურეს. დღეს, ჯერ კიდევ შუადღისას, მთხოვეს, გადაცემა რაც შეიძლება მალე გასულიყო ეთერში. მე მხოლოდ ორი თხოვნა მქონდა: ეს ყოფილიყო ღია ეთერი და სრული თავისუფლება თემების შერჩევისას. ცხადია, “აუდიტორია” შეინარჩუნებდა მის ფორმატს-საზოგადოებრივ-სოციალურ თოქ -შოუს და არ იქნებოდა პოლიტიკური. ამ საუბრიდან ზუსტად 3 საათში ჭანტურია შემხვდა და მითხრა, რომ ის “აუდიტორიას” აჩერებს და რომ მას არ უნდა მიტინგები ტელევიზიის კიბეებთან”, – აცხადებს ეკა ხოფერია.
“პირველი არხის” დორექტორთან ამ ეტაპზე დაკავშირება ვერ ხერხდება, რადგან მას ტელეფონი გამორთული აქვს. რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ლევან გახელაძეს, მან განგვიცხადა, რომ ამ კონფლიქტების შესახებ ინფორმირებული არ არის და არც ერევა მსგავს საქმეებში.