ახალი ამბები

საქართველოს სახელმწიფომ ევროსასამართლოში კიდევ ერთი საქმე წააგო

5 ოქტომბერი, 2012 •
საქართველოს სახელმწიფომ ევროსასამართლოში კიდევ ერთი საქმე წააგო

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სახელმწიფომ განმცხადებლების მიმართ კონვენციის მე–5, მე–6, მე–11 და მე–7 დამატებითი ოქმის მე–2 მუხლები დაარღვია, რადგან განმცხადებლების დაკავება მოხდა უკანონოდ, შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევით, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, ევროპის სასამართლოს განცხადებით, “გულგრილი იყო, დემონსტრანტებისთვის პატიმრობის შეფარდების დროს გამოერკვია საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები”

განმცხადებლების ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის წარმომადგენლები იცავდნენ:

“ამ პირების დაკავება მართლაც რამდენიმე მუხლის დადრღვევით მოხდა, ისინი სააპელაციო სასამართლოს ეზოში სასამართლოს მანდატურებმა დააკავეს. იმედია, ეს გადაწყვეტილება შეუწყობს ხელს მომავალში პრაქტიკის შეცვლას”, – განაცხადა საიას ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა.

იურისტი ნათია კაციტაძე აცხადებს, რომ ხუთივე პირის დაკავებისას სახეზე იყო აშკარა უკანონობა, თუმცა საქართველოში სასამართლოს არც ერთმა ინსტანციამ ეს არ გაითვალისწინა:

“ეს პირები დააკავეს სააპელაციო სასამართლოს ეზოში სასამართლოს მანდატურებმა, მიუხედავად იმისა, რომ აქცია იყო მშვიდობიანი, ხოლო მანდატურების უფლებამოსილება მხოლოდ სასამართლოს შენობაში ვრცელდება. მაშინ უზენაესმა სასამართლომ მანდატურების უფლებამოსილება გააფართოვა და განაცხადა, რომ ის ვრცელდება სასამართლოს ეზოზეც, თუმცა ევროპულმა სასამართლომაც დაადგინა, რომ მათი დაკავება მოხდა უკანონოდ.

ასევე აღსანიშნავია ის, რომ მაშინ ეკა ტყეშელაშვილმა მხოლოდ მანდატურების ზეპირი განმარტების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, მათთვის 30 –დღიანი პატიმრობა შეეფარდებინა, რაც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით იყო ძალიან მკაცრი სასჯელი. ასევე ადგილი ჰქონდა ცრუ ჩვენებებს, მანდატურები აცხადებდნენ, რომ ეს პირები სასამართლოს შენობაში დააკავეს, თუმცა ჩვენ გვქონდა ვიდეო და ფოტომასალა, რომ ისინი სასამართლოს შენობაში საერთოდ არ შესულან”, – განაცხადა ნათია კაციტაძემ.

კოალიცია “ქართული ოცნების” წევრის ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, რომელიც დაკავებულთაგან ერთ–ერთია, ევროპული სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში ადმინისტრაციული დაკავებები უკანონოდ მიმდინარეობდა:

“სასამართლომ აღიარა, რომ მიხეილ სააკაშვილის დროს ადმინისტრაციული პატიმრობები ემსახურებოდა საზოგადოებრივად და პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეების პროცესებიდან ჩამოშორებას. ჩვენ მაშინ ვითხოვდით შალვა რამიშვილის საქმის სამართლიანად წარმოებას და გირგვლიანის მკვლელების დასჯას, ამაში უკანონო არაფერი არ ყოფილა”, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

ორგანიზაცია „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრები– ირაკლი კაკაბაძე, ლაშა ჩხარტიშვილი, ზურა ჯიშკარიანი, ზურაბ რთველიაშვილი და დავით დალაქიშვილი საქართველოს სააპელაციო სასამართლოს ეზოში 2006 წლის 29 ივნისს დააკავეს და ერთთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო საქმე ევროსასამართლოში 2007 წელს შევიდა.

ევროპულმა სასამართლომ თითოეულ განმცხადებელს  მორალური ზიანისთვის კომპენსაციის სახით 6 000 ევრო მიაკუთვნა. სახელმწიფოს საქმეზე გაწეული სამართლებრივი და სხვა ადმინისტრაციული ხარჯებისთვის ასევე 5 957 ევროს გადახდა დაეკისრა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი