ახალი ამბები

როგორ ულოცავენ საჯარო პირები პატრიარქს იუბილეს

4 იანვარი, 2017 • 9631
როგორ ულოცავენ საჯარო პირები პატრიარქს იუბილეს

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს ილია მეორეს 4 იანვარს 84 წელი შეუსრულდა. პატრიარქს იუბილეს სახელმწიფო და საჯარო პირები ულოცავენ.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი:

“უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.

მთელი მისი მოღვაწეობა ერისა და სამშობლოს სამსახურისთვის არის მიძღვნილი. ის ჩვენთვის ყოველთვის იყო და არის თავმდაბლობის, სულგრძელობისა და მოთმინების, მიმტევებლობისა და მოყვასისადმი სიყვარულის მაგალითი. ვუსურვებ მას დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ.”

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი:

“თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს!

ჩვენ ხალხს წილად ხვდა ბედნიერება ჰყოლოდა ესოდენ ბრძენი სულიერი წინამძღოლი ქვეყნის თავისუფლებისაკენ სვლის ურთულეს და დრამატულ ეპოქაში. თქვენი დაუღალავი მოღვაწეობა შინაგანი სრულქმნის ორიენტირს წარმოადგენს თქვენი მრევლისა და ყველა კეთილი ნების ადამიანისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას საქართველოსა და თქვენი სამწყსოს საკეთილდღეოდ.”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე:

“თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს! ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღოლი ჰყავს. თქვენი მოღვაწეობა სამაგალითოა და მისაბაძია მთელი მსოფლიოსთვის.

თქვენი ძალისხმევით გადაწყდა სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე და თავისი მასშტაბით ისტორიული პრობლემა – საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საერთაშორისო აღიარება. თქვენ ბრძანდებით ცივილიზაციათა დიალოგის იდეის ერთ-ერთი ავტორი. დიდია თქვენი ღვაწლი საქართველოს არა მხოლოდ სასულიერო, არამედ საერო ცხოვრებაშიც. უმნიშვნელოვანესი და ფასდაუდებელია თქვენი როლი საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებში.

პირადად ჩემი და საქართველოს პარლამენტის სახელით, მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უფლის სადიდებლად და ჩვენი ერისა და ხალხის სამსახურში.”

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი:

“საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია მეორეს, ულამაზესი კუთხის შვილს უდიდესი კრძალვით და მოწიწებით ვულოცავ დაბადების დღეს. მის უწმინდესობას ჩვენი სამშობლოს წინსვლას, ხალხის სულიერ სიმტკიცესა და კეთილდღეობას და, რაც მთავარია, ჯანმრთელობას ვუსურვებ.

ფასდაუდებელია ჩვენი ქვეყნის წინაშე მისი ღვაწლი. ილია II-მ თავისი მოღვაწეობის პერიოდში სამშობლოს გაერთიანებასა და გამრავლებას, სახელმწიფოს სულიერ აღმავლობას შეუწყო ხელი. 4 იანვარს საქართველოს ყველა მოქალაქე განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით აღნიშნავს.”

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი:

“საქართველოს სახალხო დამცველი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს უდიდესი პატივისცემით ულოცავს დაბადების დღეს, უსურვებს მას ჯანმრთელობას, სულიერ მხნეობასა და დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

უჩა ნანუაშვილი მადლიერებას გამოხატავს უწმიდესსა და უნეტარესისადმი ყველა კეთილი საქმისთვის და განსაკუთრებით მისი მუხლჩაუხრელი მცდელობისთვის, რომ ქვეყანაში არსებულ კონფესიებსა და ეთნოსებს შორის ტოლერანტული დამოკიდებულება და ურთიერთგაგება დამკვიდრდეს. დიდია პატრიარქის ღვაწლი საქართველოს მოსახლეობის წინაშე.”

პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე:

“გულითადად და მოწიწებით ვულოცავ დაბადების დღეს უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს.

ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღოლი ჰყავს. უწმინდესის მთელი მოღვაწეობა, რომელმაც ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის ურთულეს წლებში გაიარა, იყო და დღესაც არის ჩვენი ერის სულიერი განწმენდის, გამთლიანების და გაძლიერებისკენ მიმართული. უწმინდესი ყოველთვის იყო მაგალითი მიმტევებლობის, სიბრძნის, დიდსულოვნებისა და თავმდაბლობის.

უღრმესი მოწიწებით, პატივისცემითა და სიხარულით ვულოცავ უწმინდესს დაბადების დღეს და ვუსურვებ, კიდევ დიდხანს არ მოკლებოდეს ჩვენს ერს და ბერს მისი სიბრძნე და სულიერი წინამძღოლობა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი