ახალი ამბები

დუისის კულტურის სახლში ხანძარი გაჩნდა

3 იანვარი, 2017 • 3187
დუისის კულტურის სახლში ხანძარი გაჩნდა

3 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე პანკისის ხეობაში, დუისის კულტურის სახლში ხანძარი გაჩნდა. გამოძიებისათვის მომხდარის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა ადგილზე მყოფები აცხადებენ, რომ უცნობებმა შენობის დაწვა გაზრახ სცადეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კულტურის სახლში გაჩენილი ხანძარი ამ დროისათვის ლოკალიზებულია, საქმის გამოძიება კი სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. მათივე ცნობით, შენობის მხოლოდ მცირე ნაწილი დაზიანდა. შსს-ში ჯერ არ საუბრობენ ცეცხლის გაჩენის მიზეზებზე. აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია და ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

თუმცა ნეტგაზეთთან საუბარში კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის დირექტორი იზა ბექაური, რომელიც ამჟამად ადგილზე იმყოფება, აცხადებს, რომ შენობაში ცეცხლი განზრახ გააჩინეს. მისი თქმით, კულტურის სახლში სხვადასხვა ადგილას დაღვრილია ბენზინი და დატოვებულია ბენზინის ავზები.

განვითარების ფონდი კულტურის სახლში სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს – მათ შორის ფუნქციონირებს ცეკვისა და სიმღერის წრეები, “რადიო ვეისთან” საუბარში ბექაური ცეცხლის გაჩენის ფაქტს სწორედ ამ აქტივობებს უკავშირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი