ახალი ამბები

ადვოკატი: პრეზიდენტმა დემეტრაძეს სასჯელი გაუნახევრა

3 ოქტომბერი, 2012 •
ადვოკატი: პრეზიდენტმა დემეტრაძეს სასჯელი გაუნახევრა

“შეიწყალეს 28 აგვისტოს, ოღონდ არ გაუშვიათ. ანუ 28 აგვისტოსთვის დარჩენილი სასჯელი გაუნახევრდა. იმ პერიოდისთვის დარჩენილი  ჰქონდა 4 წელი და  მოსახდელად დაუტოვეს 2 წელი”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” დემეტრაძის ადვოკატმა.

მისივე თქმით, თავად ეს ფაქტი დემეტრაძისთვისაც მოულოდნელი იყო, რადგან მას არ მიუმართავს პრეზიდენტისთვის შეწყალების მოთხოვნით.   

“არც მას და არც მისი ოჯახის წევრებს შეწყალების მოთხოვნით არ მიუმართავთ პრეზიდენტისთვის. ეს მისთვისაც იყო მოულოდნელი. ფაქტობრივად, 28 აგვისტოს მიიტანეს და ჩააბარეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება მისი შეწყალების შესახებ, სადაც მითითებული იყო, რომ მას სასჯელი გაუნახევრდა”, – აღნიშნა ადვოკატმა.

დემეტრაძის ადვოკატის შეფასებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პრეზიდენტის შეწყალების მიუხედავად, კანონში მითითებული პირობები არ იყო დემეტრაძის მიერ დაკმაყოფილებული.

“კერძოდ, კანონში მითითებულია, რომ ყველა შემთხვევაში პირმა თვითონ უნდა მიმართოს შეწყალებით. ერთ–ერთი მთავარი პირობა კი დანაშაულის აღიარებაა. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში არც ერთი პირობა არ ყოფილა დაკმაყოფილებული. ანუ დემეტრაძეს არც შეწყალებით მიუმართავს პრეზიდენტისთვის და მას არც დანაშაული უღიარებია”, – განაცხადა “ნეტგაზეთთან” ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ.

მეტი დეტალებისთვის “ნეტგაზეთი” პრეზიდენტის პრესსპიკერთან მანანა მანჯგალაძესთან შეეცადა დაკავშირებას, თუმცა მან ზარებს არ უპასუხა.

შეგახსენებთ, გიორგი დემეტრაძე ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის მარტში დამნაშავედ სცნო და მას 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ასევე, დამატებითი სასჯელის სახით ქონებისა და იმ 30 ათასი აშშ დოლარის ჩამორთმევა მიუსაჯა, რომელიც მას ჩხრეკისას აღმოაჩნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი