ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რატომ ჩამოდიან ახალი წლის შესახვედრად სომხეთიდან თბილისში

30 დეკემბერი, 2016 • 34643
რატომ ჩამოდიან ახალი წლის შესახვედრად სომხეთიდან თბილისში

ოფიციალური მონაცემებით, სომხეთიდან საქართველოში ვიზიტორთა რიცხვი იზრდება. ამას მოწმობს როგორც სომხეთის, ასევე საქართველოს ოფიციალური მონაცემები. მაგალითად, 2016 წლის 7 იანვარს საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობა განსაკუთრებით სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან გაიზარდა – 1,46 მილიონი სომხეთიდან, 1 392 მილიონი კი აზერბაიჯანიდან ესტუმრა ქვეყანას, რაც 10,7 %-ით მეტია წინა წლის ოფიციალური სტატისტიკაზე.

2016 წლის მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა, სავარაუდოდ, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. ამას მოწმობს იმ ტურისტული კომპანიების მონაცემებიც, რომლებიც უკვე რამდენიმე წელი საქართველოში ტურების ორგანიზებას აწყობენ.

“სომხეთიდან საქართველოში ტურები ყველაზე ინტენსიურად ზაფხულისა და ზამთრის პერიოდში იზრდება. იქ საინტერესოცაა და ხელმისაწვდომიც”, – ამბობს მათე ბარსეგიანი, ტურისტული კომპანია OneWayTour-ის თანადამფუძნებელი სომხეთში.

აღნიშნული ტურისტული კომპანია უკვე ოთხი წელია სომხეთის მოქალაქეებს საქართველოში საახალწლო ტურს სთავაზობს. კომპანიის წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ პირველ წელს არცთუ ისე დიდი ტევადობის ავტობუსით ოცამდე ტურისტი ჩაჰყავდათ საქართველოში. თუმცა ყოველ წელს დაინტერესებულ ადამიანთა რიცხვი მატულობს. მაგალითად, 2015 წელს მხოლოდ ამ ტურისტული კომპანიის შეთავაზებით ახალ წელს 350-ზე მეტი სომხეთის მოქალაქე შეხვდა საქართველოში. მიმდინარე წელს კი ეს რიცხვი, მათივე მონაცემით, თითქმის გაორმაგებულია.

“მოთხოვნა ძალიან დიდია, რადგან ფასები ძალიან ხელმისაწვდომია. ასევე საინტერესოა მათთვის ეს ტური იმიტომ, რომ საქართველო საზღვარგარეთაა. ჩვენ ვთავაზობთ 31 დეკემბრის ღამის გატარებას თბილისის საუკეთესო რესტორნებში. ასევე, ყოველდღე ვთავაზობთ ტურებს თბილისში, მცხეთასა და სიღნაღში. ვთანამშრომლობთ ბევრ სასტუმროსთან, ძირითადად- თბილისის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულ სასტუმროებთან. 5-დღიანი ტურის ფასი 300 აშშ დოლარს არ აღემატება”, – ამბობს ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი.

სომხეთში დღეს 10-ზე მეტი ტურისტული კომპანია მუშაობს საქართველოს ტურებზე. თითქმის ყველა მათგანი სომხეთის მოქალაქეებს თანაბარ ფასებსა და პირობებს სთვაზობს.

თუმცა ტურისტული სააგენტოების მეშვეობით მხოლოდ რამდენიმე ათასი სომხეთის მოქალაქე მიემგზავრება საქართველოში. ძალიან ბევრი კი, ვინც ვერ მოასწრო ადგილის დაჯავშნა, ან უბრალოდ არ სურს ტურისტული კომპანიის მომსახურება, საქართველოში ვიზიტს საკუთარი შეხედულების მიხედვით გეგმავს.

“საშობაო შვებულება შარშანაც თბილისში გავატარე. წელსაც მივდივარ იმ ჯგუფთან ერთად, რომელიც თბილისში გავიცანი”, – ამბობს 30 წლის არმენუი, რომელმაც საქართველოში 5 დღეში 200 აშშ დოლარი გადაიხადა.

“ჩემი სასტუმრო თბილისში, მარჯანიშვილის მეტროსთან ახლოს მდებარეობდა. ღამით დიდებული დრო გავატარეთ ერთ-ერთ რესტორანში, დანარჩენი დღეებიც ვსეირნობდით. ეს თანხა ითვალისიწნებდა მარშრუტს ერევანი-თბილისი-ერევანი, სასტუმროში საუზმეს და სხვა ქალაქში ექსკურსიებს. ამ ფულით სომხეთში საახალწლო სუფრასაც ვერ მოვაწყობდით”.

“წინა წელს მე და ჩემი ქმარი ჩავედით საქართველოში და, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. წელსაც მივდივართ. იქ ბევრად უფრო საინტერესოა ჩვენთვის. 5 დღეში 440$ გადავიხადეთ. იმავე ფასად შეგვეძლო, რა თქმა უნდა, ერევნის ახლოს დასასვენებელ კომპლექსში წავსულიყავით, ან წახნაძორში, მაგრამ იქ რა უნდა ვაკეთოთ. ერთადერთი გართობა იქ საბაგირო გზაა. ამავე დროს, 2 დღეში 440$ უნდა გადაგვეხადა. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველო გვირჩევნია”, – ამბობს არმინე.

შარშან ახალი წელი საქართველოში ასევე 21 წლის აიკმა გაატარა მეგობრებთან ერთად. ამ ქვეყანაში ეს მისი პირველი ვიზიტი იყო.

“ბევრი ფული არ გვქონდა და საქართველოში წასვლა დავგეგმეთ. მანამდე გაგებული გვქონდა, რომ იქ საკმაოდ კარგ ფასებში შეგვიძლია გართობა. მოკლედ, იმდენად მოგვეწონა, რომ წელსაც საქართველოში მივდივართ. თუმცა, უკვე ტურისტული სააგენტოს დახმარებით. ასე უფრო იაფი ჯდება”, – ამბობს აიკი.

წელს ტურისტული სააგენტოები სომხეთის მოქალაქეებს ასევე საინტერესო ტურებს სთვაზობენ ბორჯომში, ბაკურიანსა და გუდაურში.  თუმცა სომხეთის მოქალაქეების უმრავლესობა მაინც თბილისს ირჩევს.

სომხეთის ტურისტული კომპანიები მოქალაქეებს ასევე სთვაზობენ ტურებს სომხეთის მასშტაბით, თუმცა მაღალი ფასის გამო ეს ტურები პოპულარული არ არის.

მაგალითად, სომხეთის ტურისტულ ქალაქ ჯერმუკის სასტუმროში 6-დღიანი პაკეტი 400-600 აშშ დოლარამდე ღირს. დილიჟანში 31 დეკემბრიდან 4 იანვრამდე დღეების გატარება- 350$. წახნაძორში 5-დღიანი პაკეტი – 700$.

ახალი წელი თბილისში, 2016 ფოტო: თბილისის მერია

ახალი წელი თბილისში, 2016 ფოტო: თბილისის მერია

მასალების გადაბეჭდვის წესი