ახალი ამბები

ივანიშვილი: მზად ვართ საქართველოს პრეზიდენტთან დიალოგისთვის

3 ოქტომბერი, 2012 • 1054
ივანიშვილი: მზად ვართ საქართველოს პრეზიდენტთან დიალოგისთვის

საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ კოალიცია “ქართული ოცნება” შეუდგა ქართველი ხალხის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, უზრუნველვყოთ კონსტიტუციური წესრიგი და სახელმწიფო ორგანოების შეუფერხებელი მუშაობა ხელისუფლების შეცვლის პროცესში. ამასთანავე, ახალი მთავრობის ფორმირებამდე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და სახელმწიფო ორგანოების გამართულ ფუნქციობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედ მთავრობას.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია გარდაუვალს ხდის ახალ საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციის წარმომადგენელ პრეზიდენტს შორის ურთიერთობებს. საჭიროა მრავალი საკითხის მოგვარება მთავრობის,  აქედან გამომდინარე, ჩვენ შევქმენით კოალიციის წარმომადგენელთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც უფლებამოსილია, კოალიციის სახელით აწარმოოს კონსულტაციები მოქმედ პრეზიდენტთან და მთავრობასთან. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი.

 

მე არაერთხელ განვაცხადე, რომ ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტთან. რაც შეეხება ჩემ მიერ გუშინ პრესკონფერენციაზე გამოთქმულ მოსაზრებებს პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით, ეს არ არის არც ჩემი და არც კოალიციის პოლიტიკური მოთხოვნა. მე ხაზი გავუსვი მხოლოდ იმას, რომ ერთი პირის ინტერესებზე მორგებული საქართველოს კონსტიტუცია შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში ქმნის საკმაოდ ბევრ სირთულეს და ამ ვითარებაში შესაძლოა თანამდებობიდან გადადგომა იყოს პრეზიდენტისთვის საუკეთესო გამოსავალი. ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ჩვენ არ ვაყენებთ არანაირ პოლიტიკურ ულტიმატუმებს და ქვეყნის საკეთილდღეოდ მზად ვართ საქართველოს პრეზიდენტთან და მოქმედი მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან დიალოგისა და სამუშაო ვითარებაში სახელმწიფოებრივი საკითხების მოსაგვარებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი