ახალი ამბები

რატომ გაორმაგდა დეკემბერში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ჰონორარი

30 დეკემბერი, 2016 • 5708
რატომ გაორმაგდა დეკემბერში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ჰონორარი

მიმდინარე წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების ჯამური ჰონორარი გაორმაგდა და  54 800 ლარი შეადგინა.

კანონი მაუწყებლობის შესახებ მეურვეზე სახელფასო დანამატს ან პრემიას არ ითვალისწინებს და მხოლოდ ჰონორარს განსაზღვრავს. ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, რატომ გაიზარდა სხვა თვეებთან შედარებით მეურვეთა ჰონორარი დეკემბერში.

2016 წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფუნქციონირებისათვის 548 250 ლარი იყო გამოყოფილი, აქედან 372 234 ლარი მეურვეთა ჰონორარებზე დაიხარჯა. თუმცა აღსანიშნავია ერთი გარემოება, მაუწყებლობის შესახებ კანონი ამბობს, რომ სამეურვეო საბჭო 9 წევრისაგან შედგება, 2016 წლის განმავლობაში კი სამეურვეო საბჭო 9 წევრით მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში ფუნქციონირებდა – აპრილამდე ბორდს 2 წევრი აკლდა, ხოლო ივნისში სამეურვეო საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება ნათელა სახოკიამ მიიღო.

  • იანვარში ჯამურად ბორდის წევრების ჰონორარზე 22 367 ლარი დაიხარჯა
  • თებერვალში – 24 200
  • მარტში – 24 200
  • აპრილში – 34 448
  • მაისში – 33 800
  • ივნისში – 31 819
  • ივლისში – 30 600
  • აგვისტოში – 30 600
  • სექტემბერში – 30 600
  • ოქტომბერში – 27 400
  • ნოემბერში – 27 400
  • დეკემბერში – 54 800

ნეტგაზეთმა საბჭოს რამდენიმე წევრს ჰკითხა, დეკემბერში ჰონორარის გაზრდის მიზეზი ხომ არ არის ის გარემოება, რომ წლის განმავლობაში გარკვეული თანხები დაიზოგა იმის გამო, რომ 9-წევრიანი ბორდი სრულად არ იყო დაკომპლეტებული?

“წლის დასასრულს ჰონორარების თანხა დარჩა, იყო საშუალება, რომ ის განაწილებულიყო საბჭოს წევრებს შორის და, შესაბამისად, ასეც მოიქცა [ბორდი] იმის გათვალისწინებით, რომ საკმაოდ დატვირთულად ვმუშაობთ ჩვენ. თითქმის ყოველდღე ვიკრიბებით და ა.შ. ეს დარჩენილი თანხა განაწილდა ჰონორარებად სამეურვეო საბჭოს წევრებს შორის”, – გვითხრა სამეურვეო საბჭოს წევრმა ქეთი მსხილაძემ და აღნიშნა, რომ შესაძლოა მისი პასუხი არ იყოს კვალიფიციური და ამ ინფორმაციის ბორდის თავმჯდომარესთან გადამოწმება გვირჩია.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელია კატეგორიულად არ ეთანხმება ფორმულირებას იმის შესახებ, რომ თითქოს შემორჩენილი თანხებით გაიაზრდა დეკემბერში ბორდის ჰონორარი. იგი ნეტგაზეთთან საუბარში ამ თემის წამოწევას “უნამუსო თამაშს” და “ჭიქაში ქარიშხალს უწოდებს”.

“სამეურვეო საბჭოს კანონით განსაზღვრული პროცენტით აქვს ჰონორარები. ეს თანხა გამოიყოფა მხოლოდ და მხოლოდ ჰონორარების აღების მიზნით. სხვაგან ვერავინ ვერსად წაიღებს. ეს არის სამეურვეო საბჭოს ანაზღაურების ნაწილი. ეს არ არის არც ხელფასი და არც პრემია, ეს არის ჰონორარი, რომელიც ნაწილდება იმის მიხედვით, როგორც საზოგადოებრივი მაუწებლის საბჭო გადაწყვეტს. სულ ეს არის, მეტი არაფერი”, – გვითხრა გოგელიამ.

გოგელია მინიშნებას აკეთებს კანონზე მაუწყებლობის შესახებ, რომლის მიხედვითაც, წლის  განმავლობაში სამეურვეო საბჭოს წევრების ჰონორარებზე ჯამური კონკრეტული თანხა არ გამოიყოფა. კანონის მიხედვით, მეურვის ჰონორარისა და ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ხარჯების ოდენობებს განსაზღვრავს სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 1,5%-ის ფარგლებში, ხოლო უშუალოდ ჰონორარისათვის გამოყოფილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს [მაუწყებლის] ბიუჯეტის 1%-ს. კანონის ეს მოთხოვნა ამ შემთხვევაში დარღვეული არ არის, რადგან ბორდის ჰონორარებზე 2016 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 0.85%-ია გახარჯული, თუმცა გოგელიას ვკითხეთ: ეს ბიუჯეტი ხომ 9-წევრიან ბორდზე იყო გათვლილი?  იგივე დეკემბრის გაზრდილი ჰონორარები 8 ადამიანმა მიიღო:

“სამაგიეროდ, ჩვენ 50 000 ლარი დავაბრუნეთ სხვა მუხლებიდან, რომელიც შეგვეძლო თავისუფლად გაგვეხარჯა. ეს თემა ასე არ არის. ჯერ ერთი, სამეურვეო საბჭოს ვალდებულებაა, რომ  მინიმუმ თვეში ერთხელ ჩაატაროს სხდომა. სამეურვეო საბჭო (მინიმუმ) გასული 2.5 წლის მანძილზე თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს მილიონი სხვადასხვა პრობლემის დასაფიქსირებლად და გადასაწყვეტად. ამიტომ ეს აბსოლუტურად ჯდება კანონის ფარგლებში და არავითარი განსაზღვრება არ არსებობს, რომ რაღაც ხელფასის ან პრემირების სახე უნდა ჰქონდეს ამას. აბსოლუტურად სუფთა ვართ ამ თემაში. ეს ხომ არ არის ის,  რომ ჩვენ ავიღეთ და [მაუწყებლის] ბიუჯეტს გამოვაცალეთ [თანხა] და არ დავაფინანსეთ რაიმე ოპერაციული [მიმართულება]. 3 წლის განმავლობაში ყველაფერი მოიკლო საბჭომ, მე პირადად არსად ვყოფილვარ, მივლინებაშიც კი, იმიტომ, რომ რაღაცები დაზოგილიყო და პირიქით, იქით ვაძლევდით. კანონი გვეუბნება, რომ ეს გამოიყენეთ”, – აცხადებს გრიგოლ გოგელია.

“მე ვერ ვუწოდებ ამას მორჩენილ თანხას. არ ვიცი, რას ნიშნავს მორჩენილი თანხა”, – ეს ბორდის კიდევ ერთი წევრი, სულხან სალაძის კომენტარია, რომელიც ამბობს:

“სამეურვეო საბჭოს მხოლოდ იმ თანხის განკარგვა შეეძლო, რომელიც სამეურვეო საბჭოს თანხაა. სხვა ფულს სამეურვეო საბჭო ფიზიკურად ვერ განკარგავს. ეს თანხა პირდაპირ შეხებაში არ არის იმ ფულთან, რომელიც დაკავშირებულია [საზმაუწყებლის] მენეჯმენტის საქმიანობასთან, მედიასაქმიანობასთან და ა.შ. დანარჩენ დეტალებზე ჯობია, რომ აპარატმა გასცეს ინფორმაცია [თუკი უნდა გაიცეს]”, – ამბობს სულხან სალაძე.

სულხან სალაძე და გრიგოლ გოგელია ამბობენ, რომ ისინი არ ესწრებოდნენ იმ დისკუსიას, რომელზეც ბორდმა დეკემბერში ჰონორარის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ქეთი მსხილაძის თქმით კი, დისკუსიაზე იმყოფებოდა, თუმცა არ უფიქრია, რომ იქ საბოლოო გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

“ამას [საჯარო] სხდომა, მე მგონი, არ სჭირდებოდა. ეს, უბრალოდ, იყო საუბარი. მართალია, ყველა არ იყო ამაზე თანხმა, ზოგი თავს იკავებდა, ზოგი მომხრე იყო, მაგრამ ამაზე კენჭისყრა არ ჩატარებულა, რადგან მე რამდენადაც ვიცი, კანონი ასეთ შემთხვევაში არ ითვალისწინებს ამ საკითხის კენჭისყრით გადაწყვეტას. მე მიმაჩნდა, რომ ეს იყო ისეთი საუბარი და  არა საბოლოო გადაწყვეტილება. ეს რომ კენჭისყრაზე დამდგარიყო, მე, მაგალითად, თავს შევიკავებდი და წინააღმდეგს მივცემდი ხმას”, – გვითხრა მსხილაძემ, რომელსაც ვკითეთ, რა გააკეთა მას შემდეგ, რაც გაორმაგებული ჰონორარი დაერიცხა დეკემბრის ბოლოს:

“რა უნდა გამეკეთებინა? ამის შემდეგ დავრეკე და ვიკითხე, რატომ ჩამერიცხა კიდევ ერთი დამატებითი ჰონორარი. როგორც ამიხსნეს, ეს ასე მორჩა, ეს იყო ჩვენი თანხა და შესაბამისად  განაწილდაო. … შეიძლებოდა რომ არ დახარჯულიყო ასე, ალბათ, არ ვიცი, მაგრამ რაც მოხდა, იმას გეუბნებით”, – ამბობს მსხილაძე.

გრიგოლ გოგელია თავისი პირადი პოზიციის დაფიქსირებისაგან თავს იკავებს და ამბობს, რომ როგორც ბორდის თავმჯდომარე, გადაწყვეტილებას პატივს სცემს.

სულხან სალაძემ კი გვითხრა, რომ მან გაზრდილი ჰონორარი ერთ-ერთ ფონდში ჩარიცხა, რომელიც ჯანმრთელობის მიმართულებით მუშაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი