არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული ანგარიშის შედეგების პრეზენტაციაზე NDI-ის პრეზიდენტმა კენეთ ვოლაკმა განაცხადა, რომ NDI-ის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევები მხოლოდ და მხოლოდ იმას ასახავს, თუ რა დამოკიდებულება აქვს ხალხს კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ კონკრეტულ მომენტში:
“ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევები არჩევნებთან შედარებით განსხვავებულ სურათს აჩვენებდა, თუმცა ჩვენს კვლევებში ყოველთვის ძალიან დიდი იყო იმ ადამიანების რიცხვი, ვინც საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებდა, ან ჩამოყალიბებული არ იყო, მე ვფიქრობ, ეს ხმები “ქართულმა ოცნებამ” სწორედ ამ ადამიანების ხარჯზე მიიღო, თუმცა გადამწყვეტი მაინც ის კადრები იყო, რაც მოსახლეობამ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე იხილა”, – განაცხადა კენეთ ვოლაკმა. მისი თქმით, არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და პროცესის მიმდინარეობისას ისეთი სახის დარღვევა, რასაც შესაძლოა არჩევნების შედეგებზე გავლენა მოეხდინა, არ დაფიქსირებულა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 26 სექტემბერი – 4 ოქტომბრის პერიოდს მოიცავდა, დელეგაცია საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტ უბანს აკვირდებოდა, რომლის მიხედვითად NDI-მ დღეს არჩევნების წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ სერიოზული პრობლემების მიუხედავად, საარჩევნო პროცესმა მოქალაქეებს საშუალება მისცა, ინფორმაციული არჩევანი გაეკეთებინათ.
NDI-ის პრეზიდენტის, კენეთ ვოლაკის განცხადებით, არჩევნების შედეგებზე გავლენა როგორც წინასაარჩევნო გარემომ, ასევე დამკვირვებლების დიდმა რაოდენობამ იქონია.
მისი განცხადებით, მიუხედავად წინასაარჩევნოდ ორ წამყვან პოლიტიკურ ძალას შორის დაპირისპირებისა და ხალხის არჩევნების მიმართ უნდობლობისა, მათ მაინც გადაწყვიტეს არჩევნებზე მისვლა, რამაც გადამწყვეტი შედეგი იქონია.
1 ოქტომბრის არჩევნებს ღირსშესანიშნავი უწოდა აშშ-ის კონგრესმენმა გრეგორი მიკსმა:
“მიუხედავად დაძაბული წინასაარჩევნო პერიოდისა, 2012 წლის არჩევნები ყველაზე ღირსშესანიშნავი არჩევნები იყო, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა როგორც ხალხმა, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა”, – აღნიშნა გრეგორი მიკსმა.
NDI-ის წინასწარი ანგარიშის მიხედვით, კვლევამ აჩვენა, რომ ხალხი თავს საკმარისად ინფორმირებულად თვლიდა არჩევანის გასაკეთებლად, ამომრჩევლის ინტერესს არ ემსახურებოდა ორ პარტიას შორის არსებული აგრესია და დაპირისპირება, ხოლო პარტიების საარჩევნო ინტერესების გამო ხშირ შემთხვევაში ხალხის ინტერესები იჩრდილებოდა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ იყო ხარვეზები, რომლებიც მმართველ პარტიას დამატებით უპირატესობას ანიჭებდა, ასევე აღნიშნულია, რომ იყო რამდენიმე ფაქტი, რამაც მმართველი პარტიის წინააღმდეგ იმუშავა, მაგალითად, საარჩევნო კოდექსში გვიან შესული ცვლილებები, რომლის სათანადო განხილვაც ვერ მოხერხდა.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად NDI-ის რეკომენდაციისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიაში მაინც იყვნენ წარმოდგენილი, რამაც გაამყარა წარმოდგენა იმის შესახებ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიკერძოებულია.
კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოების გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია “must carry”-ის ამოქმედებამაც, რამაც ხალხს საშუალება მისცა, მრავალფეროვანი ინფორმაცია ჰქონოდა.
NDI-ის თბილისის ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ აღნიშნა, რომ არჩევნებისას სერიოზული დარღვევები არ ყოფილა, თუმცა საჩივრების განხლვა ამ დრომდე მიმდინარეობს, რაც საბოლოო ანგარიშში აისახება. მისი თქმით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საქართველოსთან 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდშიც ითანამშრომლებს.





