ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი ქართულ და რუსულ მხარეებთან ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებაზე საუბრობს

29 დეკემბერი, 2016 • 3756
სოხუმი ქართულ და რუსულ მხარეებთან ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებაზე საუბრობს

“აფხაზეთში ენერგეტიკის სფერო რთულ მდგომარეობაშია და სიტუაცია უარესდება. ეს დაკავშირებულია ინფრასტრუქტურის ცვეთასთან, გადასახადების გადახდის პრობლემასა და ელექტროენერგიის მოხმარების ზრდასთან. აფხაზეთის ენერგოსისტემას არ ყოფნის რესურსები იმისთვისაც კი, რომ აბონენტების აღრიცხვა აწარმოოს. წინასწარი მონაცემებით, ამ მიზნებისთვის დაახლოებით 280 მილიონი რუბლია [დაახლოებით 5 მილიონი აშშ დოლარი] საჭირო”, – აცხადებს აფხაზეთის ენერგოკომპანია “ჩერნომორენერგოს” ხელმძღვანელი ასლან ბასარია.

ბასარია აფხაზეთის მოსახლეობას მოუწოდებს, უფრო რაციონალურად გამოიყენონ ელექტროენერგია.

“თუ პიკურ სეზონებზე ელეტროენერგიის ეკონომიას არ გავაკეთებთ, ენერგოსისტემის მუშაობა შეფერხდება. თხოვნა იქნება ყველა მოქალაქის მიმართ: გამორთეთ ის ელექტრომოწყობილობები, რომლებსაც არ იყენებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სითბოსა და შუქის გარეშე ყველა დარჩებით”.

მისივე თქმით, იმ მოქალაქეებს შორის, ვინც გადასახადებს მალავს, არიან რესტორნების, კაფეების, სასტუმროებისა და ქარხნების მეპატრონეებიც.

ბასარიას განცხადებითვე, დაგეგმილია ენგურჰესის ჰიდროლექტროსადგურის სარემონტო სამუშაოები, რომელიც 15 თებერვლიდან დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება.

“ამ პერიოდში ენგურჰესი ვერ გამოიმუშავებს ელექტროენერგიას, ამიტომაც ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებზე ენერგეტიკოსებთან რუსეთიდან და საქართველოდან”.

“ენგურჰესის” გენერალურ დირექტორის, ლევან მებონიას მიერ 2016 წლის დასაწყისში გაკეთებული განცხადებით, თუ აფხაზეთში ენერგომოხმარების საკითხები არ მოწესრიგდება, რაც მრიცხველების დაყენებასა და გადასახადების ამოღებას გულისხმობს, აფხაზეთი 2 წლის შემდეგ შესაძლოა ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი