ახალი ამბები

ადა მარშანია: პუტინი გველეშაპი კი არ არის, რუსეთის პრეზიდენტია [ვიდეო]

29 დეკემბერი, 2016 • 4622
ადა მარშანია: პუტინი გველეშაპი კი არ არის, რუსეთის პრეზიდენტია [ვიდეო]

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი “პატრიოტთა ალიანსიდან”, ადა მარშანია აცხადებს, რომ “სამშობლოს ნაწილების” დასაბრუნებლად აუცილებელია პუტინთან საუბარი. მისი თქმით, პუტინი გველეშაპი კი არ არის, რუსეთს ფედერაციის პრეზიდენტი და ჩვეულებრივი ადამიანია.

“რა უნდა გავაკეთოთ, რომ ბოლოს და ბოლოს ეს უმძიმესი პროცესი დავძრათ? რა გინდათ თქვენ ჩვენგან ბოლოს და ბოლოს? რა გინდათ, გვითხარით, კონკრეტულად. რატომ არის ეს [პუტინთან დიალოგი] მიუღებელი? რატომ არის ეს შეუძლებელი? პუტინი პრეზიდენტია რუსეთს ფედერაციის, გველეშაპი კი არ არის. პრეზიდენტია, ადამიანია ჩვეულებრივი. შენი სამშობლოს ნაწილების დასაბრუნებლად პუტინთან კი არა, სად არ უნდა წახვიდე ადამიანი?! ამაზე გვტკივა ჩვენ გული და მთავარია, რომ ქვეყნის პარლამენტი უნდა იყოს ძალიან და ძალიან ადეკვატური თავისი ქვეყნისა: მისი პრობლემების, მისი ამოცანების და მისი მიზნების. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ძვირფასო პარლამენტარებო, ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოსავალი წერტილი, მიზანი, ამოცანა და ზრახვა არის ქვეყნის გამთლიანება,” – განაცხადა პარლამენტის ტრიბუნიდან ადა მარშანიამ.

პ/გ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” 2012 წლის 19 დეკემბერს დაფუძნდა და სახელმწიფო რეგისტრაციაში 2013 წლის 22 იანვარს გატარდა. პარტია მოქალაქეთა ჯგუფმა დააფუძნა, მათ შორის არიან მედიაკავშირ “ობიექტივის” წარმომადგენლები და “საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის” ლიდერები. ეს მოძრაობა კი, თავის მხრივ, 2010 წლის 22 დეკემბერს ჩამოყალიბდა. პარტიის თავმჯდომარეა დავით თარხან-მოურავი, ხოლო გენერალური მდივანი – ირმა ინაშვილი.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, საქართველოს პარლამენტში “პატრიოტთა ალიანსის” 6 წევრი შევიდა, საიდანაც ორი ბიზნესმენია. ისინი აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს სრულ ევროინტეგრაციას, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სფეროების ჩათვლით და ამავდროულად აღნიშნავენ, რომ საქართველოს ეროვნული და კულტურული ფასეულობები სრულად უნდა იყოს დაცული და შენარჩუნებული ევროინტეგრაციის პროცესში.

“პატრიოტთა ალიანსი” გამოირჩევა ანტითურქული და პრორუსული განწყობების გავრცელებით. მათი ლიდერების ორგანიზებით ჩატარდა არაერთი აქცია აჭარაში. მაგალითად, მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ, ასევე, თურქეთთან საზღვარზე. ვრცლად პარტიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი