შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ქურდულ სამყაროსთან კავშირისა და გამოძალვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, 1984 წელს დაბადებულმა, წარსულში ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ვასილ ლ.-მ, 1985 წელს დაბადებულმა, წარსულში ნასამართლევმა ზვიად ს.-მ და 1998 წელს დაბადებულმა ლაშა შ.-მ ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით, რუსთავში მცხოვრებ ბიზნესმენს მიწის ნაკვეთი გამოსძალეს. გამოძიების ინფორმაციით, ისინი ერთ-ერთი „კანონიერი ქურდის“ დავალებით მოქმედებდნენ.
შსს-ს ცნობით, პოლიციამ სამივე ბრალდებული რუსთავში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავა. გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-3 ნაწილით).