ახალი ამბები

კობახიძე: უახლოეს მომავალში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესი სათანადო შედეგით დასრულდება

28 დეკემბერი, 2016 • 3321
კობახიძე: უახლოეს მომავალში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესი სათანადო შედეგით დასრულდება

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ნარკოპოლიტიკა და ფარული მოსმენების საკითხი აუცილებლად უნდა გახდეს პარლამენტის განხილვის საგანი უახლოეს მომავალში. მისი თქმით, მმართველ გუნდს უკვე აქვს გარკვეული პოზიცია ჩამოყალიბებული და თანხმდება, რომ უნდა მოხდეს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “მთავარში” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გაიხსენა მმართველი გუნდის წინასაარჩევნო დაპირება და აღნიშნა, რომ უკვე დაწყებულია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისთვის კანონპროექტზე მუშაობა:

“ამაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს პარლამენტი შესაბამის სამთავრობო უწყებებთან ერთად, განსაკუთრებით – იუსტიციის სამინისტროსთან ერთად. ასევე, ვთანამშრომლობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და უახლოეს მომავალში სათანადო შედეგით დასრულდება ეს პროცესი. როგორ სახეს მიიღებს საბოლოოდ ეს [ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის] კანონპროექტები, რომელიც უნდა მიიღოს პარლამენტმა, ჯერჯერობით არ ვიცით; ეს არის სამუშაო პროცესი და განიხილება ჯერ–ჯერობით ეს საკითხები. იმედი მაქვს, რომ ძალიან ფართო კონსენსუსის საფუძველზე გადაიხედება ჩვენი სახელმწიფო ნარკოპოლიტიკა.”

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წინასაარჩევნო პროგრამაში აღნიშნულია, რომ “მიუხედავად გატარებული ცვლილებებისა, წარმოდგენილ დოკუმენტში იდენტიფიცირებული პრობლემური საკითხების უმრავლესობა დღესაც აქტუალურია და მათი მოგვარება სისტემურ საკანონმდებლო რეფორმებს მოითხოვს.”

უფლებამდაცველები და აქტივისტები კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გაძლიერებაზე დღესაც საუბრობენ. ამის გასაპროტესტებლად და ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მოთხოვნით “თეთრი ხმაურის მოძრაობამ” 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, აქციაც გამართა, სადაც პოლიციამ ორი აქტივისტი დააკავა სამართალდამცველების მოთხოვნაზე წინააღდეგობის გაწევის ბრალდებით. დღეს შსს უკვე აქციის სამ მონაწილეს 10 დეკემბერს გზის გადაკეტვასაც ედავება.

უფლებადამცველები და დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თანამედროვე განვითარებული ქვეყნების ხელისუფლება და საზოგადოება სულ უფრო მეტად თანხმდება იმასთან დაკავშირებით, რომ ამა თუ იმ ქვეყნის დემოკრატიულობისა და განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი ქვეყანაში არსებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების დაცვასა და ჯანდაცვაზე ორიენტირებული პრაგმატული ნარკოპოლიტიკაა. მათი თქმით, საქართველოში არსებულმა რეპრესიულმა ნარკოპოლიტიკამ არაერთი უარყოფითი შედეგი მოუტანა როგორც ნარკოტიკების მომხმარებლებს, ასევე მთელ საზოგადოებას და ამგვარად, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი