ახალი ამბები

ერდოღანი აშშ-ს “ისლამური სახელმწიფოს” მხარდაჭერაში ადანაშაულებს

28 დეკემბერი, 2016 • 1913
ერდოღანი აშშ-ს “ისლამური სახელმწიფოს” მხარდაჭერაში ადანაშაულებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოს” (ISIS) აშშ უჭერს მხარს და ამის დამადასტურებელი საბუთებიც აქვს. აშშ-ში კი ამ განცხადებას “სასაცილოს” უწოდებენ.

“ისინი ჩვენ გვდებდნენ ბრალს დაეშის (ISIS-ის) მხარდაჭერაში, ახლა კი თვითონ უწვდიან დახმარების ხელს “ისლამურ სახელმწიფოს”, YPG-სა (“ხალხის დაცვის გაერთიანებები”) და PYD-ს (“დემოკრატიული ერთობის პარტია”). ეს აშკარაა. ჩვენ გვაქვს ამის დამადასტურებელი წყაროები, ფოტოები და ვიდეოები”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანის განცხადებას იმის შესახებ, რომ აშშ-ის სამხედრო კოალიცია “ისლამურ სახელმწიფოს” უჭერს მხარ, აშშ-მა “სასაცილო” უწოდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის (დეპარტამენტი, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკას მართავს) სპიკერის, მარკ ტონერის თქმით, ასეთ ბრალდებას არანაირი საფუძველი არა აქვს.

“ბიბისის” ცნობით, თურქეთი ამბობს, რომ ქურთული ჯგუფები, რომლებთანაც აშშ მუშაობდა სირიაში, დაკავშირებულია “ქურთისტანის მუშათა პარტიასთან” (PKK), რომელსაც თურქეთი, აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

“ქურთისტანის მუშათა პარტია” 1970-იან წლებში ჩამოყალიბდა და 1984 წელს საბრძოლო მოქმედებები დაიწყო თურქეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ ქურთული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, – ისინი 15 მლნ-მდე ეთნიკური ქურთის ავტონომიისათვის იბრძვიან. წლების განმავლობაში ორ მხარეს შორის დაპირისპირებების შედეგად, როგორც BBC წერს, 40 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 2013 წელს დაპირისპირება დროებით შეწყდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, თუმცა დაპირისპირება კვლავ განახლდა 2015 წლის ივლისში.

მასალების გადაბეჭდვის წესი