ახალი ამბებისაზოგადოება

ჯეჯელავა: დაფინანსების საკითხი გვინდა, სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე იყოს მიბმული

27 დეკემბერი, 2016 • 2793
ჯეჯელავა: დაფინანსების საკითხი გვინდა, სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე იყოს მიბმული

განათლების სამინისტრო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სახელმწიფო დაფინანსების გაცემის წესის შეცვლას გეგმავს. ამის შესახებ დღეს ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა. მინისტრის თქმით, სამინისტრო საჯარო განხილვისთვის საზოგადოებას დაახლოებით ორ თვეში დაფინანსების ახალ სქემას შესთავაზებს, რომელიც მიბმული იქნება სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე.

ალექსანდრე ჯეჯელავამ სამინისტროს ახალი ინიციატივა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განმარტა. მინისტრის თქმით, დაფინანსების ახალი სისტემის შესაქმნელად სამინისტრო სპეციალურ კომისიას შექმნის, რომელშიც აკადემიური საზოგადოებაც იქნება ჩართული:

“მე ვფიქრობ, რომ მომდევნო სასწავლო წლისთვის ახალი წესი გვექნება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორ თვეში შევძლებთ, რომ  საჯარო განხილვისთვის ასეთი წესი წარმოვადგინოთ. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ისეთი ცვლილება, რომელიც არ იქნება მისაღები  აკადემიური საზოგადოებისთვის, მათ შორის სტუდენტებსაც ვგულისხმობ, პროფესორებსაც და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს, კანონში ასეთ ცვლილებებს არ შევიტანთ. ჩვენ რყევის ამოცანა არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ამოცანა, რომ კარგად დამუშავებული სისტემა შემოვიტანოთ” – თქვა ალექსანდრე ჯეჯელავამ “ქრონიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

მინისტრის თქმით, ასევე მოხდება პრიორიტეტების განსაზღვრა -უფრო მეტად რომელი მიმართულებები უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ. მინისტრის თქმით, ბევრ ქვეყანაში პრიორიტეტული პროფესიების განსაზღვრა შრომითი ბაზრის კვლევით ხდება, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა სფეროების საჭიროებებს:

“აქედან გამომდინარე,  დგინდება პრიორიტეტული პროფესიები  და, რაც მთავარია, რაოდენობები, რამდენი იურისტი გვჭირდება, რამდენი პედაგოგი გვჭირდება და ა.შ. ჩვენ გვინდა, რომ ასეთი სისტემა შევქმნათ და მერე ამ სისტემამ ყოველწლიურად გადაწყვიტოს, რომელი მიმარათულებები იქნება დაფინანსების პრიორიტეტი” – ამბობს ჯეჯელავა.

მინისტრის თქმით, კომისია, რომელიც განათლების სამინისტროში შეიქმენება, იმუშავებს ისეთი სისტემის შექმნაზე, რომელიც გაითვალისწინებს როგორც მეცნიერების, ასევე ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის სფეროების საჭიროებებს და ამის მიხედვით განსაზღვრავს დაფინანსების საკითხს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი