ახალი ამბები

თბილისში ბანკის ყაჩაღობაში ბრალდებულები ბათუმში დააკავეს

27 დეკემბერი, 2016 • 36138
თბილისში ბანკის ყაჩაღობაში ბრალდებულები ბათუმში დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთი ფილიალის ყაჩაღობაში 2 ბრალდებული  ბათუმში დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებისას ბრალდებულებს ბანკიდან წაღებული ფულის ნაწილი, 1475 ევრო, 640 ლარი და 60 აშშ დოლარი აღმოაჩნდათ, რაც ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 26 დეკემბერს ბრალდებულები გლდანში, მე-4 მ/რ მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალში შეიჭრენ, იარაღის მუქარით თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღურ თავდასხმას გულისხმობს. როგორც შსს იუწყება, დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

2016 წლის განმავლობაში საქართველოს ბანკი რამდენჯერმე დააყაჩაღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდსა და მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, 2016 წლის 9 თვეში თბილისში რვაჯერ განხორციელდა ბანკებზე ყაჩაღური თავდასხმა. ვრცლად გაეცანით ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი