ნეტგაზეთი | ღლონტი: იმედის მიერ GDS-ის და მაესტროს ყიდვა ნიშნავს, რომ მთავრობა ხელს არ ახლებს რუსთავი 2-ს ღლონტი: იმედის მიერ GDS-ის და მაესტროს ყიდვა ნიშნავს, რომ მთავრობა ხელს არ ახლებს რუსთავი 2-ს – Netgazeti
RU | GE  

ღლონტი: იმედის მიერ GDS-ის და მაესტროს ყიდვა ნიშნავს, რომ მთავრობა ხელს არ ახლებს რუსთავი 2-ს

ტელეკომპანია “მაესტროს” 15%-იანი წილის მფლობელის, მამუკა ღლონტის განცხადებით, “იმედის” მიერ ტელეკომპანია GDS-ისა და “მაესტროს” ყიდვა ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ხელი არ ახლოს “რუსთავი 2-ს”.

დღეს, 27 დეკემბერს მედიაჰოლდინგ “იმედის” მფლობელმა ინა გუდავაძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ტელეკომპანია მაესტროს საკონტროლო პაკეტის შეძენასთან დაკვშირებით წარმატებით დასრულდა, ასევე, დასასრულს უახლოვდება მოლაპარკაებები ტელეკომპანია GDS-ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებით.

“სინამდვილეში, “იმედი” კი არ ყიდულობს GDS-ს და მაესტროს, ჩემი ვარაუდით, GDS ყიდულობს იმედს და მაესტროს. თუ ეს მართლაც გამართლდა და ასე მოხდა, მე შემიძლია რუსთავი 2-ის მივულოცო, ე.ი. მათ გადაწყვიტეს, რომ რუსთავი 2-ს ხელი არ ახლონ. თუ ასეთი რაღაც გაკეთდა, სავარაუდოდ, მიიღეს გადაწყეტილება, რომ რუსთავი 2-ს ხელი არ ახლონ და აპირებენ, რომ დაუპირისპირონ ეს მედიასაშუალებები რუსთავი 2-ს. თუ რომელიმე სხვა მედიასაშუალება ამოყოფს თავს და მიიღებს რეიტინგს და გახდება კრიტიკული, იმ მედიასაშუალებას მიადგებიან მერე და ასე შემდეგ. ასე გააგრძელებენ,”- განაცხადა მამუკა ღლონტმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ამჟამად საქართელოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს საქმე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მფლობელობასთან დაკავშირებით. ორი ინსტანციის სასამართლომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. ხალვაში აცხადებს, რომ 2005 და 2006 წლებში ტელეკომპანიის წილები მას “ამორალური გარიგების” საფუძველზე დაათმობინეს, ხოლო “რუსთავი 2”-ის ამჟამინდელი მფლობელები აცხადებენ, რომ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნები უსაფუძვლოა და სინამდვილეში ტელეკომპანიისთვის ხელისუფლება იბრძვის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი