ახალი ამბებიეკონომიკა

უძრავ ქონებაზე და რეკლამირებისას შესაძლოა უცხოურ ვალუტაში ფასის გამოხატვა აიკრძალოს

27 დეკემბერი, 2016 • 6733
უძრავ ქონებაზე და რეკლამირებისას შესაძლოა უცხოურ ვალუტაში ფასის გამოხატვა აიკრძალოს

მთავრობის მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტის თანახმად, ქონების რეალიზაციისა და რეკლამირებისას ფასი მხოლოდ ლარში უნდა გამოისახოს, ხოლო ონლაინ-სესხები რეგულირების ქვეშ მოექცევა.

კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ე.წ. ლარიზაციის პროგრამას შეეხება, დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს.

მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან მომსახურების გაწევისას, ასევე ქონების რეალიზაციის, მომსახურების გაწევის შეთავაზების ან რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. წესის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი- 2000 ლარით. განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკურ პირს 1000, ხოლო იურიდიულ პირს 5000 ლარის ჯარიმა დაეკისრება.

ამასთან, სესხის შემთხვევაში ყველა საკომისიოს, საპროცენტო სარგებლის, სესხის გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, ასევე სესხის გაცემის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევისათვის მსესხებლისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ან ნებისმიერი ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გაცემული სესხის ძირი თანხის ორმაგ ოდენობას. ცვლილებები შეეხება როგორც იურიდიულ, ასევე, ფიზიკურ პირებს.

რაც შეეხება ონლაინ-სესხების ბაზრის რეგულირებას, მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრება სესხის საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზედა ზღვარი და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100%-ს.

ასევე დგინდება შეზღუდვები უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემასთან დაკავშირებით და გაცემა დასაშვები გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გასაცემი თანხის ოდენობა აღემატება 100 000 ლარს.

კანონპროექტის ავტორთა განცხადებით, მისი მიზანია, ეროვნულ ბანკს მისცეს შესაძლებლობა, უკეთ იმოქმედოს მომხმარებელთა უფლებების დასაცავად და ასევე ჰქონდეს მექანიზმები რისკის შემცველი ან არასტაბილური ფინანსური მდგომარეობის მქონე სუბიექტების გამოსავლენად.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ კანონპროექტთა პაკეტი პირდაპირ ემსახურება მომხმარებლების უფლებების დაცვას და ბიზნესს ფინანსურ პრობლემებს არ შეუქმნის:

“შემოდის ჩანაწერი, რომ უნდა მოხდეს ანგარიშსწორება ლარში და, შესაბამისად, დგინდება კონკრეტული ფორმულა, რომლითაც საბანკო ურთიერთობაში მომხმარებელთა უფლებები იყოს მეტად გარანტირებული ამ ცვლილებით. ადმინისტრაციულ კოდექსში შემოდის დამატებით მუხლი, რომ ამ დადგენილი წესის დარღვევის შემთხვევაში მოხდება ადმინისტრაციული ფინანსური სანქციების გატარება.

ეს არათუ არ შეუშლის ბიზნესს ხელს, არათუ არ არის მათთვის რაიმე პრობლემის შემქმნელი, ეს ერთნაირად დაემხარება მომხმარებელს, რომელიც შედის საბანკო ურთიერთობაში და სჭირდება ჰქონდეს სამართლებრივი კუთხით მეტი გარანტია, ასევე დაეხმარება ეკონომიკას,” – ამბობს ბესელია.

კანონპროექტი კომიტეტს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ წარუდგინა. პროექტს ოპოზიციის მხრიდან ნეგატიური შეფასება მოჰყვა. ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანონპროექტთა პაკეტის ამოქმედების შემთხვეაში ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდება. განსაკუთრებით კი ცვლილებები სამშენებლო ბიზნესსა და უძრავი ქონების სექტორს დააზარალებს.

“მთლიანი პაკეტი, რომელიც სახელმწიფომ წარმოადგინა, საქართველოს ეკონომიკისა და საბაზრო წესრიგისათვის არის დამანგრეველი და არაფრისმომცემი. უფრო მეტიც, უძრავის ქონების გაყიდვის შემთხვევაში ფასის მხოლოდ ლარში დაფიქსირებისასს აბსოლუტურად მიზანი არ გააჩნია. ეს არის, უბრალოდ, პრემიერის ნათქვამი ფრთიანი გამონათქვამის, რომ მოსახლეობას დოლარის კურსი უნდა დავავიწყოთ.

კანონპროექტი არასტაბილურს ხდის ყიდვა-გაყიდვის ბაზარს ნებისმიერი მიმართულებით. მაშინ, როდესაც სამშენებლო კომპანიებს სესხი აქვთ დოლარში, მაშინ, როდესაც ხდება გრძელვადიანი განვადებები, მაშინ, როდესაც ხდება რეკლამირება გრძელვადიანი პროექტების, ეს ყველაფერი აზრს კარგავს, როცა ფასი ფიქსირდება ლარში,” – ამბობს ირაკლი აბესაძე

ასევე ენმ-ის წევრის, რომან გოცირიძის თქმით, სესხზე პროცენტის ზედა ზღვრის დაწესებით მთავრობა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ფაქტობრივად უკრძალავს სესხის დოლარში გაცემას, რაგდან ისინი დიდი მოცულობის სესხებს ვერ გასცემენ.

ოპოზიციას ასევე აინტერესებს, როგორ აპირებს მთავრობა, გააკონტროლოს ფასის ლარში დადების პროცესი ინტერნეტ-სივრცეში. შესაძლებელია ჯარიმა დაუწესდეს ვებ-გვერდს, სადაც განთავსდება ფასი დოლარში და არა ლარში, მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე სოციალურ ქსელში, თავის ანგარიშში განათავსებს რეკლამას ან განცხადებას მომსახურების შესახებ. გულუა ამბობს, რომ ყველა პირი შესაბამისად დაჯარიმდება.

შენიშვნების მიუხედავად, ნიკოლოზი გაგუა დარწმუნებულია, რომ ცვლილებათა პაკეტი მხოლოდ პოზიტიურ შედეგებს გამოიღებს, განსაკუთებით კი, სამშენებლო ბიზნესისათვის:

“ეს არის ქვეყნის დედოლარიზაციის პროგრამის ერთ-ერთი ნაბიჯი. ეს ზოგადად არის უძრავი ქონები ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ის მერყეობები, რომლებიც ამ სექტორში არსებობს, შემცირდება იმის შედეგად, რომ მოხდება სექტორის ლარიზაცია. ბინა არის საქართველოში შექმნილი აქტივი და ის უნდა ფასდებოდეს ეროვნულ ვალუტაში.” – ამბობს მინისტრის მოადგილე. გაგუა არ პასუხობს, გაითვალისწინებს თუ არა მთავრობა სხდომაზე მიღებულ შენიშვნებს შემდეგ განხილვამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი