ეგზითპოლის პირველი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა. „მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მივიდა საარჩევო უბნებში და სრული თავისუფლების პირობებში გამოხატა პოლიტიკური ნება. ჯერ-ჯერობით საარჩევნო შედეგები ითვლება და დაგვჭირდება რამდენიმე საათი, მაგრამ უკვე ეგზითპოლების თანახმად შეიძლება ითქვას, რომ პროპორციულ კენჭისყრაში უპირატესობა მოიპოვა ქართული ოცნების კოალიციამ, ხოლო რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, იქ როგორც ჩანს მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა საქართველოს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ.
პროპორციულ ხმებში „ქართული ოცნების“ უპირატესობა ეფუძნება იმ ხმებს, რომელიც ამ კოალიციამ აიღო დიდი უპირატესობით, საქართველოს დედაქალაქში, თბილისში. თბილისის გარეთ, ყველა რეგიონში სერიოზული უპირატესობით ლიდერობს ნაციონალური მოძრაობა.“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.