ახალი ამბები

უვიზო რეჟიმის წესებზე ვიდეო-რგოლების დასამზადებლად EU-მ 150 ათასი ევრო გამოყო – დოლიძე

26 დეკემბერი, 2016 • 3508
უვიზო რეჟიმის წესებზე ვიდეო-რგოლების დასამზადებლად EU-მ 150 ათასი ევრო გამოყო – დოლიძე

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის წესების თაობაზე ცნობიერების ამაღლებისათვის ახალი სარეკლამო რგოლები მზადდება. როგორც ვიქტორ დოლიძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ამისათვის 150 000 ევრო ევროკავშირმა გამოყო.

დოლიძის თქმით, საქართველოს მთავრობა შემუშავებული  აქვს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკომუნიკაციო სტრატეგია იმისათვის, რომ მოსახლეობას აუხსნან, რას გულისხმობს უვიზო რეჟიმი და როგორც უნდა იმოგზაურონ წესების დაცვით ევროპაში მას შემდეგ, რაც სავიზო რეჟიმი გაუქმდება.

22939

“ჩვენ ამ ეტაპზე უნდა დავიწყოთ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, თუ რა უნდა გააკეთოს ამისთვის და, ამავე დროს, იცოდნენ ისიც, თუ რა არ უნდა გააკეთონ და რამ შეიძლება ამ პროცესს შეუშალოს ხელი. მთავრობა ალბათ მალე დაამტკიცებს შესაბამის დოკუმენტს, რასაც დავარქვით ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებზე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სამოქმედო გეგმა. ამ გეგმაში საკმაოდ მრავლადაა გაწერილი საკითხები, როემლიც ეხება ტელევიზიას, სატელევიზიო რგოლებს, რადიოს, სოციალური ქსელებს, ინტერნეტგამოცემებს, ვებგვერდებს, გაზეთებს, მეტროს, კინოთეატრებზეც ვფიქრობთ, ამავე დროს, [გამოყენებული იქნება] სამარშრუტო ტაქსები. ნებისმიერ მასობრივი კომუნიკაციის საშულების აპრობირებაზეა საუაბრი. ჩვენ ეს კონკრეტულად გვაქვს გაწერილი იმის ჩათვლით, რომ რეგიონებში… განსაკუთრებით უნდა გავამახვილოთ ყურადღება ისეთ რეგიონებზე, რომლებიც ძირითადად ეროვნული უცმირესობებით არის დასახლებული და მთიან რაიონებზეც. აქ ჩართულია ყველა.. მათ შორის მინისტრიც, და მე პარლამენტიდან და სამოქალაქო სექტორიდანაც ველოდები დახმარებას. თქვენი როლიც ძალიან მნიშნელოვანი იქნება. მთავრობას რომელ რაიონში ვინ, რა ინტენსივობით ივლის, ისიც კი გაწერილი გვაქვს. ეს გეგმა მალე იქნება დამტკიცებული”, – განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, ცნობიერების ამაღლების კამპანია გაგრძელდება მას შემდეგაც, რაც უვიზო რეჟიმი ძალაში შევა:

 

“პარალელურად უკვე მიმიდნარეობს და თქვენ, ალბათ, გახსოვთ ის სარეკლამო, სატელევიზიო რგოლები, რომელიც გარკვეულ არხებზე გადიოდა. სოციალურ რეკლამას არქმევდნენ ამას. ახლა ასევე მიმდინარეობს [ახალი] რგოლების დამზადების პროცესი. 150 000 ევრო გამოყო ამისათვის ევროკავშირმა. მინდა მადლობა გადავუხადო მათ”, – თქვა დოლიძემ.

მოხსნის თუ არა ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმს, ეს საკითხი იანვარში ან თებერვლის დასაწყისში გადაწყდება ევროპარლამენტის კენჭისყრის შედეგად. რაც შეეხება უვიზო ევროკავშირში მოგზაურობის წესებს, შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მოყვანილ ვიდეო-რგოლს:

თუ რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას უვიზო რეჟიმით მოგზაურობის წესების დარღვევამ ქვეყანას, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი