კოალიცია: აუცილებელია GPB–ის დირექტორობის კანდიდატთა გასაუბრებისა და დებატების ტრანსლირება

“კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აუცილებელია GPB–ის დირექტორობის კანდიდატთა გასაუბრებისა და დებატების ტრანსლირება, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ უნდა უზრუნველყოს.

კოალიციის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებით ადევნებენ თვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევ კონკურსს. კოალიციის განცხადებით, მნიშვნელოვანია კონკურსი წარიმართოს გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით, რომ არ დარჩეს კითხვები შერჩევის ობიექტურობასთან დაკავშირებით.

“საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად, უკვე აქვს მსგავსი კონკურსების გამჭვირვალედ წარმართვის დადებითი გამოცდილება, როცა დაინტერესებულ საზოგადოებას ეძლეოდა საშუალება, რეალურ დროში ედევნებინა თვალი სამეთვალყურეო საბჭოსა და კანდიდატებს შორის გასაუბრების პროცესისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეპტუალური მსჯელობებისთვის. კანდიდატებს შორის ტელედებატების, გასაუბრებების ღია ინტერნეტ-სტრიმების საშაულებით, ასვეე საკონკურსო დოკუმენტაციის საჯაროობით, საზოგადოებას შეეძლო ენახა და შეედარებინა კანდიდატთა მონაცემები. საყურადღებოა შერჩევის კრიტერიუმების ღიაობის, შეფასების მეთოდოლოგიის გამჭვირვალობაც, რაც ამ ეტაპზე ნაკლებადაა უზრუნველყოფილი,” – ნათქვამია “კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” განცხადებაში.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები, საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გათვალისწინებით სამეურევეო საბჭოსგან შესაბამის ქმედებებს, ასევე, კონკურსის ღიად და გამჭვირვალედ წარმართვას ელიან.

კოალიციაში 13 ორგანიზაციაა გაერთიანებული: მედიაკლუბი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB), სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო საზოგადოებისათვის”, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია, მედიის მხარდაჭერის ფონდი, სატელევიზიო ქსელი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.