ახალი ამბები

მამუკა მდინარაძის თქმით, უსუფაშვილს საკონსტიტუციო კომისიაში ჩართვა შესთავაზეს

23 დეკემბერი, 2016 •
მამუკა მდინარაძის თქმით, უსუფაშვილს საკონსტიტუციო კომისიაში ჩართვა შესთავაზეს

საპარლმენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ყოფილ სპიკერს და რესპუბლიკური პარტიის ყოფილ ლიდერს, დავით უსუფაშვილს საკონსტიტუციო კომისიაში ჩართვა შესთავაზეს.

“მე როგორც მაქვს ინფორმაცია, თუ ამ კომისიის წევრი ის არ იქნება, ეს იქნება თავად მისი გადაწყვეტილება. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, გარკვეული კონსულტაცია იყო და თუ ის არ იქნება კომისიის შემადგენლობაში, ეს იქნება მისივე გადაწყვეტილება”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ კი განაცხადა, რომ უსუფაშვილს თავად ან საკუთარი წარმომადგენლის საშუალებით ექნება შესაძლებლობა, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩაერთოს.

“შესაძლებლობა, მე ვფიქრობ, ექნება ან თვითონ, ან წარმომადგენელი იყოს კომისიაში… მზაობა იმისა, რომ რაც შეიძლება წარმომადგენლობითი იყოს სამუშაო პროცესი და კომისია, გვაქვს,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ საკონსიტუციო კომისიაში მონაწილეობა მიიღებს კიდევ ერთი ყოფილი რესპუბლიკელი, ვახტანგ ხმალაძე. ნეტგაზეთს ხმალაძემ განუცხადა, რომ ამ ეტაპისთვის შეთავაზება არ მიუღია.

კომისიის წევრების ვინაობას ირაკლი კობახიძე დღეს, 23 დეკემბერს დაასახელებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი