ახალი ამბები

ჯეჯელავა – ოპტიმიზაციის ფარგლებში სამინისტროს სისტემას 250-მდე თანამშრომელი დატოვებს

21 დეკემბერი, 2016 • 2802
ჯეჯელავა – ოპტიმიზაციის ფარგლებში სამინისტროს სისტემას 250-მდე თანამშრომელი დატოვებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით, რეორგანიზაციის ფარგლებში თანამდებობას 200-დან 250-მდე თანამშრომელი დატოვებს. ამის შესახებ ალექსანდრე ჯეჯელავამ გადაცემა “360 გრადუსის” ეთერში ისაუბრა.

შემცირება განათლების სამინისტორს რესურსცენტრებსაც შეეხება. მინისტრის თქმით, ქვეყნის მასშტაბით არსებული რესურსცენტრების 73 რაიონულ განყოფილებას თითო იურისტი ჰყავს და მათი რაოდენობის განახევრებას გეგმავს:

“მსჯელობით, იურისტებთან ერთად, რესურსცენტრებთან ერთად, ჩავთვალეთ, რომ არ იყო აუცილებელი [ამდენი იურისტის ყოლა]. ანუ სრულად დატვირთული არ იყვნენ და ყოველ რესურსცენტრს თითო იურისტი არ სჭირდება. ამიტომ გადავწყვიტეთ, შევეცადოთ, ჯამური რაოდენობა დაახლოებით გავანახევროთ” – ამბობს განათლების მინისტრი.

მინისტრის თქმით, ოპტიმიზაცია შეეხო აუდიტის სამსახურის რეგიონულ წარმომადგენლებსაც. ზოგიერთ შემთხვევებში კი დანახარჯს  მომსახურების შესყიდვით შეამცირებენ. ამის მაგალითად მინისტრმა სკოლებში ინტერნეტის სპეციალისტები დაასახელა. მინისტრის თქმით, იმ რეგიონებში, სადაც ინტერნეტის პროვაიდერების მომსახურება ხელმისაწვდომია, მათი მომსახურების შეძენა ფინანსური თვალსაზრისით უფრო მომგებიანია, ვიდრე ამ პოზიციაზე საშტატო ან შტატგარეშე ხელშეკრულებით თანამშრომლების ყოლა.

“იგივე შემიძლია ვთქვა პროფორიენტაციის გუნდზე. გვყავდა პროფორიენტაციის კოორდინატორები. ეს პროექტი კარგი პროექტია და უნდა გაგრძელდეს, მაგრამ უნდა გაგრძელდეს როგორც არასამთავრობო სექტორთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით” – განაცხადა ალექსანდე ჯეჯელავამ.

მინისტრის თქმით, ოპტიმიზაციის პოლიტიკა სამინისტროს აპარატსაც შეეხება. რეორგანიზაციის პროცესი კი დეკემბერში დასრულდება. მას შემდეგ, რაც განახლებულ სტრუქტურას მინისტრი მთავრობას წარუდგენს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი