“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გუშინ რაც იუთუბზე დაიდო, ეს არის სრული სიცრუე. ის არ აწარმოებდა არანაირ ფარულ ჩანაწერებს და არ მიუწვდებოდა მათზე ხელი. უბრალოდ, მასზე ხორციელდება ძალიან დიდი ზეწოლა, არის მუქარა. არის არაადეკვატური. დამიკავშირდა 1–2–ჯერ ტელეფონით, ვესაუბრე. იძახის რაღაც აბსურდს, ლაპარაკობს არაფხიზელ მდგომაროებაში”, – განაცხადა მაკა ლობჟანიძემ დღეს, 28 სექტემბერს, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართული პრესკონფერენციისას.
მაკა ლობჟანიძის თქმით, ბესო სურმავა ბიძინა ივანიშვილის პირად დაცვაში 10 წლის მანძილზე მუშაობდა და ის მუდამ ივანიშვილის ერთგული იყო.
მაკა ლობჟანიძე ასევე ამბობს, რომ საკუთარ ქმარს ტელეფონით ჩვეულებრივ 3 დღის წინ ესაუბრა, რის შემდეგაც რამდენიმე საათში იუთუბზე გამოქვეყნდა მისი ვიდეომიმართვა. ლობჟანიძისვე ინფორმაციით, ამის შემდეგ გამართულ სატელეფონო საუბრებში სურმავა არაადეკვატური იყო.
ბესო სურმავას ცოლის ძმა, კახა ლობჟანიძე დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის დაცვის წევრი გატაცებულია სამართალდამცავების მიერ და მასზე ხორციელდება ზეწოლა, რისი შედეგიცაა გავრცელებული ვიდეომასალა.
ჩვენ დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს იმის გასარკვევად, ოფიციალურად არის თუ არა ბესო სურმავა დაკავებული, ან მისი ადგილსამყოფელის შესახებ სამართალდამცავებს რაიმე ინფორმაცია ხომ არ გააჩნიათ. უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელი სალომე მახარაძე ამბის გარკვევას ჯერ კიდევ დილის საათებში დაგვპირდა, თუმცა ამის შემდეგ ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. სატელეფონო ზარს უპასუხა შს მინსიტრის მოადგილე, შოთა ხიზანშვილმა, თუმცა მან გვითხრა, რომ მოგვიანებით დავურეკოთ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე აუდიოჩანაწერი ბესო სურმავას სახელით გუშინ, 27 სექტემბერსაც გავრცელდა. გავრცელდა ასევე თავად ბესო სურმავას ვიდეოჩანაწერიც, რომელიც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველია.