ახალი ამბები

ქსანში ტუბერკულოზის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი ამოქმედდება

28 სექტემბერი, 2012 •
ქსანში ტუბერკულოზის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი ამოქმედდება

დაბა ქსანში ტუბერკულოზის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის ამოქმედების შესახებ ინფორმაციას საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ავრცელებს.

 

“მინისტრმა გიორგი ტუღუშმა და საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ რულოვსმა დაბა ქსანში ახალაშენებული ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი მოინახულეს. ცენტრში ასევე იმყოფებოდნენ ევროკავშირის მისიის, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო განაგრძობს სასჯელაღსრულების სისტემის ჯანდაცვის რეფორმის სტრატეგიით გათვალისწინებულ აქტივობებს, რომლის ფარგლებშიც ხდება ტუბერკულოზის მუდმივი სკრინინგი, პრევენცია და, შესაბამისად, ეფექტური მკურნალობა. გატარებული რეფორმების შედეგად, დღეის მდგომარეობით, სასჯელაღსრულების სისტემაში ტუბერკულოზის გავრცელება სრულ კონტროლს ექვემდებარება, რაც ხელს უწყობს დაავადების გავრცელების პრევენციას, დროულ და ეფექტურ მკურნალობას.

 

რეფორმის ფარგლებში უახლოეს მომავალში პენიტენციურ სისტემაში, დაბა ქსანში ამოქმედდება  ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი, რომლის მშენებლობა განხორციელდა ჯანდაცვის სამინისტროს და გლობალური ფონდის ექსპერტების ზედამხედველობით. 

 

ახალი 5– სართულიანი კორპუსი, რომელიც 750 პაციენტზეა გათვალისწინებული და სრულად  შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით და უნიკალური სავენტილაციო სისტემით,  რომელიც ეპიდემიოლოგიური კონტროლის სრულ შესაძლებლობას იძლევა. აღსანიშნავია,  რომ ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი იძლევა საშუალებას, ეპიდემიოლოგიური კონტროლის სრული დაცვით, ადეკვატური მკურნალობა გაეწიოს ყველა კატეგორიის დაავადებულ პატიმარს,”- ავრცელებს განცხადებას სამინისტრო. 

 

შეგახსენებთ, რომ ტუბეკულოზით დაავადებული პატიმრების ნაწილი შიმშილობს. ისინი სათანადო მკურნალობას ითხოვენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი