ახალი ამბები

მონიტორინგი აჩვენებს, რომ ერთი ტელევიზიით მაყურებელი ობიექტურ ინფორმაციას ვერ იღებს

28 სექტემბერი, 2012 •
მონიტორინგი აჩვენებს, რომ ერთი ტელევიზიით მაყურებელი ობიექტურ ინფორმაციას ვერ იღებს

მონიტორინგი ივლისი–სექტემბრის პერიოდს მოიცავდა. მონიტორინგის შედეგად როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ტენდენციები გამოიკვეთა.

შედეგების მიხედვით, სხვადასხვა სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიები წინასაარჩევნო პერიოდს სხვადასხვაგვარად აშუქებენ, ამიტომ მხოლოდ ერთი ტელევიზიის მეშვეობით მაყურებელი ობიექტურ ინფორმაციას ვერ მიიღებს.

სწორედ ამ ფაქტზე გაამახვილეს ყურადღება დღეს გამართულ პრეზენტაციაზე BBC–ის ჟურნალისტებმა, რომლებიც მონიტორინგის პროცესში მონაწილეობდნენ:


“მაყურებლებს იმისათვის, რომ ობიექტური აზრი შეექმნათ ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასა თუ მათ საარჩევნო პროგრამაზე, რამდენიმე არხის ყურება და დასკვნების შემდეგ გამოტანა უხდებათ, დღესდღეობით არ არსებობს ერთი არხი, რომლის ყურების შემთხვევაშიც მაყურებელი სრულ, ამომწურავ და დაბალანსებულ ინფორმაციას მიიღებს”, – განაცხადა ჟურნალისტმა მარეკ მრაჩკამ.

ასევე ჟურნალისტის, ბაქერ მოინის განცხადებით, მიუხედავად იმ პოლიტიკური სიტუაციისა, რაც საქართველოში არსებობს, ჟურნალისტებს აქვთ საშუალება, უკეთესად იმუშაონ:

“თუ სხვა ქვეყნების მაგალითებით და ჩემი პირადი გამოცდილებით ვიმსჯელებთ, შემიძლია გითხრათ, რომ არსებობენ ჟურნალისტები, რომლებიც ბევრად უფრო ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ახერხებენ უკეთესად მუშაობას და მაყურებლისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას. ის გამოხატვის თავისუფლება, რაც არის თქვენს ქვეყანაში, გაძლევთ საშუალებას, რომ იყოთ უფრო მეტად პროფესიონალები”, – მიმართა შეკრებილ ჟურნალისტებს მარეკ მრაჩკამ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ წინა მონიტორინგთან შედარებით დადებითი ტენდენციები შეიმჩნევა, თუნდაც ის, რომ რამდენიმე ტელევიზიამ შედეგების უკეთესად გაცნობის სურვილი გამოთქვა:

“მონიტორინგისას ჩვენ არც გვქონია ილუზია, რომ რაიმე დარღვევაზე ვისაუბრებთ და მეორე დღეს ყველა ტელევიზია ამას გაითვალისწინებს, თუმცა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ასევე “მე–9 არხმა” გამოთქვეს სურვილი, რომ უშუალოდ მათ ჯგუფს ამჯერად უკვე ნიუსრუმში გავაცნოთ შედეგები და ვიმსჯელოთ პრობლემებზე, რაც მისასალმებელია”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

რაც შეეხება კონკრეტულ ტელევიზიებს, კვლევაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაში:

“პირველად ანგარიშებში გამოიკვეთა მხარდამჭერი დამოკიდებულება მთავრობისადმი, თუმცა, ხანგრძლივობის და მრავალფეროვნების კუთხით, მან გაუმჯობესა საქმიანობა და უფრო მეტი ინფორმაცია შესთავაზა მაყურებელს პოლიტიკურ მოთამაშეებსა და მიმდინარეობაზე”.

კვლევამ აჩვენა, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2” მაყურებელს მმართველი პარტიისა და მისი მხარდამჭერების საქმიანობის შესახებ ინფორმაციას დადებით კონტექსში სთავაზობს. მმართველი პარტიის მიმართ კეთილგანწყობა იკვეთება ტელეკომპანია “იმედის” შემთხვევაშიც.

ოპოზიციის მიმართ გამოკვეთილად უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნებს ტელეკომპანია “რეალ TV”. ტელეკომპანია “მე–9 არხი” ცდილობს გამიჯნოს მოსაზრებები და ფაქტები, თუმცა არხი ვერ იცავს ბალანსს.

კვლევის მიხედვით, “მაესტრო” გამოკვეთილად კრიტიკულია მმართველი პარტიის მიმართ, რაც შეეხება “კავკასიას” – კარგადაა შერჩეული და მოყვანილია წყაროები.

დღეს წარმოდგენილ ანგარიშში არ შესულა ის, თუ როგორ გააშუქეს ტელევიზიებმა ბოლო დროის მოვლენები გავრცელებულ ფარულ ვიდეო თუ აუდიომასალებთან დაკავშირებით, თუმცა ეს ფაქტები საბოლოო ანგარიშში შევა, რომელიც არჩევნების შემდეგ რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი