ახალი ამბები

ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის ევროპული ტურნეს დასკვნითი კონცერტი თბილისში

20 დეკემბერი, 2016 •
ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის ევროპული ტურნეს დასკვნითი კონცერტი თბილისში

დღეს, 20 დეკემბერს, ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის ევროპული ტურნეს დასკვნითი კონცერტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში  გაიმართება.

დღევანდელ კონცერტზე მომღერლები შეასრულებენ კომპოზიციებს ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის ახალი ალბომიდან In Winter, რომელიც 2016 წლის ოქტომბერში გამოვიდა.

ქეთი მელუას თქმით, კონცერტის მეორე ნაწილში მის ძველ სიმღერებს,  დაახლოებით 20 სიმღერას, შეასრულებენ.

დღევანდელი კონცერტი, რომელიც 20 საათზე დაიწყება, იქნება ბოლო, რომელიც გორის ქალთა გუნდისა და ქეთი მელუას თანამშრომლობით შექმნილი პროექტის განმავლობაში ჩატარდა.

“ეს ჩვენი ბოლო კონცერტი იქნება და ვიცი, რომ ბევრი ცრემლებიც იქნება ბაქსტეიჯში”, – თქვა ქეთი მელუამ დღეს, კულტურის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ქეთი მელუა იხსენებს, რომ გორის ქალთა გუნდს პირველად 2-3 წლის წინ მოუსმინა და “ძალიან უცხო ხმა და უცნაური მუსიკალური სამყარო” აღმოაჩინა, რის შემდეგაც გუნდთან თანამშრომლობა დაიწყო.

მელუა ამბობს, რომ რაღაც ახალს ეებდა და იცოდა, რომ სიახლეს საქართველოში იპოვიდა – “აქ დიდი ისტორია მაქვს, აქ დავიბადე, მთელი ოჯახი აქ ცხოვრობს, ზაფხულში სულ ვბრუნდებოდით.”

“როცა შევხვდი გუნდს, როცა ვნახე, როგორ რეპეტიციობდნენ, როგორი სრულყოფილია თეონა ცირამუა, როგორც დირიჟორი, ასეთი ჩემს მუსიკალურ ისტორიაში არ მქონდა ნანახი. პრაქტიკის გავლა მინდოდა. დავიწყეთ ექსპერიმენტები, ყველაფერი წავიდა უკეთესად, ვიდრე მეგონა”, – ამბობს მელუა.

მელუას თქმით, ეს პროექტი თანდათანობით სერიოზული გახდა. მათ  ალბომი ზამთრისა და შობისთვის გააკეთეს, როგორც ეს ბრიტანეთსა და დასავლეთ ევროპაშია მიღებული.

“ვიცით, როგორი რთული ისტორია გვაქვს ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში, მაგრამ აქ [საქართველოში] ხელოვნება მაინც უნიკალური არის, რაღაც ცინცხალია”, – ამბობს მელუა.

მისი თქმით, მათი ახალი ალბომი In Winter გაერთიანებული სამეფოს მუსიკალურ ჩარტებში  პოზიციებს იუმჯობესებს.

“ეს ერთადერთი პროექტია, რომლის ბილეთებიც 15 წუთში გაიყიდა”, – თქვა ბადრი მაისურაძემ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა.

გორის ქალთა გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელმა თეონა ცირამუამ განაცხადა, რომ ეს პროექტი მისი გუნდისთვის იყო დიდი ხელშეწყობა, რომელმაც მის გუნდს დიდი შანსი მისცა. ევროპული ტურნეს ფარგლებში მელუამ და გორის ქალთა გუნდმა 28 კონცერტი ჩაატარეს.

ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის პრესკონფერენცია კულტურის სამინისტროში. 20.12.2016

ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის პრესკონფერენცია კულტურის სამინისტროში. 20.12.2016

ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის პრესკონფერენცია კულტურის სამინისტროში. 20.12.2016 ფოტო: მიშა მეფარიშვილი

ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის პრესკონფერენცია კულტურის სამინისტროში. 20.12.2016 ფოტო: მიშა მეფარიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი