ახალი ამბები

პრეზიდენტი: ვეძებთ გზებს სირიელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად

20 დეკემბერი, 2016 • 3236
პრეზიდენტი: ვეძებთ გზებს სირიელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საგანგებო ვითარებაა სირიაში, სადაც ყოველდღიურად იღუპებიან ბავშვები და მშვიდობიანი მოსახლეობა. ამის საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა.

პრეზიდენტის აზრით, შექმნილი მდგომარეობა დაუყოვნებლივ და ქმედით რეაგირებას მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რათა თავიდან იქნას აცილებული უდანაშაულო მსხვერპლი. მისი თქმით, საქართველო ეძებს გზებს სირიაში მყოფი ადამიანებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასევე გამოეხმაურა გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მომხდარ თავდასხმებს. პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს ბერლინისა და ანკარის თავდასხმების გამო, ასევე, ციურიხში მომხდარი სროლების გამო.

“ტერორიზმის გზით ანგარიშსწორება უდანაშაულო ადამიანებზე, თავდასხმა დიპლომატზე არის სრულიად მიუღებელი, აღმაშფოთებელი და დასაგმობი ცივილური სამყაროსთვის. ტერორიზმი ეს არის სენი, რომელსაც კაცობრიობა გაერთიანებული ძალისხმევით უნდა აღუდგეს წინ. პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს,” – აცხადებს ეკა მიშველაძე, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი.

პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა ლარის კურსის გაუფასურებას, რომელსაც საქართველოს მთავარ პრობლემასა და ქვეყნის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევას უწოდებს. პრესსპიკერის თქმით, საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია აქვს პრემიერმინისტრთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, რომლებსაც ნდობას უცხადებს. მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ მათი კვალიფიკაცია და ურთიერთთანამშრომლობა ეფექტურ შედეგს გამოიღებს და უახლოეს მომავალში ეროვნული ვალუტის სტაბილიზაცია მოხერხდება.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ეროვნული გვარდიის შექმნის  26 წელისთავზე: “საქართველოს ეროვნულმა გვარდიამ და მისმა ღირსეულმა წარმომადგენლებმა, დაარსებიდან დღემდე, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ თითქმის ყველა ბრძოლაში – ქვეყნის სიძლიერისა და სუვერენიტეტის დასაცავად. ეროვნულმა გვარდიამ დამოუკიდებელ საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას ღირსეული საფუძველი ჩაუყარა.”

გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული გვარდიის უფროსს, ლევან გამყრელიძეს, ასევე გვარდიის სრულ შემადგენლობას, დღევანდელ დღე მიულოცა და პატივი მიაგო ქვეყნის სამსახურში დაღუპული თანამებრძოლების ხსოვნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი