ახალი ამბები

საპარლამენტო კომიტეტები დღეს ხეების ჭრაზე “m²”-ის წინადადებას განიხილავენ

20 დეკემბერი, 2016 •
საპარლამენტო კომიტეტები დღეს ხეების ჭრაზე “m²”-ის წინადადებას განიხილავენ

დღეს, 20 დეკემბერს, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატები “M² უძრავი ქონების” საკანონმდებლო წინადადებაზე იმსჯელებენ.

13:00 საათზე პარლამენტის  რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომა გაიმართება. სხდომა თბილისში (რუსთველის 8;სათათბირო ოთახი N439 .), პარლამენტის ბალანსზე არსებულ შენობაში გაიმართება. სწორედ აქ განიხილავენ  “M²”-ის ინიციატივას, რომლის მიხედვით,  ხეების ჭრის პროცედურა უნდა გამარტივდეს.

კომპანიას მიაჩნია, რომ დაავადებული მწვანე ნარგავების მოჭრა მესაკუთრეს თავისი ტერიტორიის საზღვრებში თანხის გადახდის გარეშე უნდა შეეძლოს:

“რადგან დაავადებული ხე-მცენარეების არსებობა საშიშროებას წარმოადგენს ქალაქის ტერიტორიაზე არსებული სხვა ნარგავების დაზიანების თვალსაზრისით და მათი დროული გაუვნებელყოფა უმთავრესად ქალაქის ინტერესში შედის.”

გუშინ, 19 დეკემბერს კომპანიამ განმარტა, რომ საზოგადოების ნაწილმა არასწორად აღიქვა m2-ის ინიციატივა და მზადყოფნას გამოთქვამს შეხვდეს ყველა დაინტერესებულ ადამიანს, რათა “განვუმარტოთ, თუ რა იგულისხმება წერილში, რომელიც საზოგადოებამ არასწორად გაიგო”.

“განვმარტავთ: m2 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვდა ორი საკითხის ინიცირებას: 1. დაავადებული ხეების მოჭრაზე მოსაკრებელის გაუქმებას; 2. მკაფიო რეგულაციების დაწესებას ხეების მოჭრის საკითხზე. m2 არ ითხოვს ჯანსაღი ხეების მოჭრის ნებართვას. პირიქით, წერილში ნათქვამია, რომ ჩვენი კომპანია საქართველოს პარლამენტს სთხოვს, დააწესოს მკაფიო რეგულაციები ხეების მოჭრასთან დაკავშირებით. დღესდღეობით, საქმეში ჩახედული ადამიანები დაგვეთანხმებიან, ამ მიმართულებით სრული ქაოსია. გარწმუნებთ, რომ m2 არ ეძებს იოლ გზებს. პირიქით, ჩვენ გვსურს, რომ არსებობდეს რეგულაციები, რომლებსაც ჩვენ ყველანი დავემორჩელებით. მაგალითისთვის, კომპანია კანონმა დაავალდებულოს, რომ 1 მოჭრილი ხის ნაცვლად დარგოს 10 ახალი ხე და ა.შ”,- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი