ახალი ამბები

კურსი უფრო მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე ამას რაციონალური მოლოდინები განაპირობებს – სებ

20 დეკემბერი, 2016 • 2345
კურსი უფრო მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე ამას რაციონალური მოლოდინები განაპირობებს – სებ

“მიუხედავად ფუნდამენტური ფაქტორებისა, ჩვენი წინასწარი შეფასებით, მიმდინარე კურსი უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე რაციონალური მოლოდინები განაპირობებს”, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) ავრცელებს.

სებ-ში ამბობენ, რომ გაცვლითი კურსის ბოლო პერიოდის გაუფასურების მიზეზები ფუნდამენტური ფაქტორების (დოლარის გლობალური გამყარება, თურქული ლირის გაუფასურება) და მოლოდინების ერთობლიობაა.

“გაცხადებული სტრატეგიის შესაბამისად, ეროვნული ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს სავალუტო ბაზარზე ჭარბი მერყეობის შესარბილებლად ისე, რომ ლარის კურსი ფუნდამენტურ ფაქტორებთან შესაბამისობაში დარჩეს.

საშუალოვადიან პერიოდში, ფასების სტაბილურობის რისკების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას. ეროვნულ ბანკს აქვს სათანადო შესაძლებლობა და ინსტრუმენტები, რომ არ დაუშვას მაღალი ინფლაცია. თავის მხრივ, ზომიერი ინფლაცია  გაცვლითი კურსის გრძელვადიან სტაბილურობას და ეკონომიკის მდგრად ზრდას განაპირობებს”, – აცხადებენ სებ-ში.

20 დეკემბრისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში თითქმის 6 თეთრით გაუფასურდა. 1 დოლარი 2.7412 ლარი ღირს.

მასალების გადაბეჭდვის წესი