ახალი ამბები

IFJ საქართველოს მთავრობას მიმართავს, უზრუნველყოს მედიის დამოუკიდებლობა არჩევნებზე

27 სექტემბერი, 2012 •
IFJ საქართველოს მთავრობას მიმართავს, უზრუნველყოს მედიის დამოუკიდებლობა არჩევნებზე

“საქართველოში წინა არჩევნებზე ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა მედიის კონტროლისა და დამოუკიდებელი რეპორტაჟების შეზღუდვის მცდელობებმა”, – აღნიშნავს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ჯიმ ბუმელა.

“ახლა ეძლევა შესაძლებლობა მთავრობას, რომ აჩვენოს ერთგულება გახსნილი მმართველობისა და დემოკრატიული წესების მიმართ, რომლითაც ჟურნალისტებს შესაძლებლობა ექნებათ, წინასაარჩევნო პერიოდში თავისუფლად და უსაფრთხოდ იმუშაონ”, – აღნიშნულია განცხადებაში.  

საქართველოს დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაციის (IAGJ) მიხედვით, 2011 წლის შუა პერიოდიდან ჟურნალისტების წინააღმდეგ მუქარის ან თავდასხმის 50–მდე ფაქტი დაფიქსირდა.

IFJ შეშფოთებულია მთავრობის მიერ ზომების მიღებით, რომელიც ზღუდავს ჟურნალისტების თავისუფლებას და წარმოშობს ბარიერებს რეპორტიორებისთვის არჩევნების პერიოდის განმავლობაში.

“ბოლო თვეების განმავლობაში მთავრობა ასევე ეცადა, რომ შეაფერხოს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების საქმიანობა დედაქალაქში პრესის გავრცელების ჯიხურების სატენდერო პროცესის ცვლილებითა და  კერძო კომპანიებისთვის  სატელიტური ანტენების დემონტაჟით”, – ნათქვამია განცხადებაში.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია მიიჩნევს, რომ პრესის თავისუფლების მხრივ სიტუაცია მეტად გაუარესდა მას შემდეგ, რაც მოხდა ძალადობრივი გზით პოლიციის მიერ ოპოზიციის საპროტესტო აქციის დარბევა 2011 წლის მაისში, რა დროსაც ჟურნალისტები სცემეს და მათი პროფესიული ტექნიკა მიზანმიმართულად გაანადგურეს.

ასევე 2012 წლის ივლისის ბოლოს ფოტორეპორტიორების “ჯაშუშობის” ბრალდებით დაკავებამ პრესის თავისუფლებაზე უარყოფითად იმოქმედა.  .

“მსგავსი ინციდენტები ძირს უთხრის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას. მედიის შევიწროება ყოველთვის კონტრპროდუქტიულია”, – დასძინა ბუმელამ.

ორგანიზაციის შეფასებით, “დემოკრატია არ დამყარდება საქართველოში, თუ ხელისუფლება არ შექმნის გარემოს, რომელიც ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი რეპორტაჟების უზრუნველყოფას. ჩვენ გვინდა, ჟურნალისტებმა იმუშაონ თავისუფლად არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგაც,  რა შედეგებიც არ უნდა იყოს. ჩვენ ვერ მივიღებთ, რომ ჟურნალისტები და, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები იყვნენ მსხვერპლნი პოლიტიკური ზეწოლის ან ხელისუფლების მხრიდან, ან ოპოზიციის, ანდაც მათი მფლობელების მხრიდან”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი