
„ეს თვალნათელი დასტურია იმისა, რომ დამოუკიდებელი მედია და მისი მეპატრონეები ასეთი ზეწოლის ქვეშ ერთ-ერთი პირველები აღმოვჩნდით. ვადასტურებ, რომ კადრებში ასახული შეხვედრა, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 2003 წლის მიწურულს შედგა. ის ჯერ კიდევ არ იყო პრეზიდენტი, მაგრამ უკვე ნათლად ჰქონდა ჩამოყალიბებული დამოუკიდებელი მედიის განადგურების გეგმა. ეს კარგად ჩანს აღნიშნულ კადრებში. ზეწოლა დღითიდღე გაძლიერდა და პიკს მიაღწია ზურაბ ჟვანიას ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ“
მისი თქმით, ჟვანიას გაურკვეველ ვითარებაში დაღუპვის შესახებ ტელეკომპანია „მზის“ ჟურნალისტების მიერ დასმულმა კითხვებმა ხელისუფლება წყობიდან გამოიყვანა: „ არნახული ზეწოლის გამო მე იძულებული გავხდი, ტელეკომპანია „მზე“ სააკაშვილის მიერ შემოთავაზებულ სუბიექტზე გადამეფორმებინა. წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი იყო, რადგან რეალური სასიცოცხლო საფრთხის წინაშე დავდექი არა მარტო მე, არამედ ჩემი ოჯახის წევრები, ბიზნეს-პარტნიორები და ბიზნეს-სტრუქტურების ასობით თანამშრომელი.“
ვანო ჩხარტიშვილი ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ ტელეკომპანია „მზის“ მითვისებაში მიხეილ სააკაშვილთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ პრეზიდენტის აპარატის მაშინდელი უფროსი და თბილისის ამჟამინდელი მერი გიგი უგულავა და პარლამენტარი დავით ბეჟუაშვილი.
„სააკაშვილის, უგულავასა და ბეჟუაშვილის წინააღმდეგ, ტელეკომპანია „მზის“ მიტაცებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სასამართლოში პროცედურები უკვე დაწყებულია:„ დარწმუნებული ვარ, ტელეკომპანია „მზეს“ დავიბრუნებ, რომელსაც სამართავად გადავცემ საზოგადოებრივ საბჭოს, რათა ქართულ საზოგადოებას ჰქონდეს ძლიერი საგანმანათლებლო-შემეცნებითი არხი“ –ამბობს ვანო ჩხარტიშვილი.
„ასე რომ, უცხოეთში გახიზნული ათასობით თანამემამულის მსგავსად, მეც ერთი იმათგანი ვარ, ვინც სააკაშვილის ძალადობას გამოექცა. მიუხედავად ხელისუფლების მძაფრი ზეწოლისაა და მუქარისა, მე არ წავედი კომპრომისზე უკეთურებასთან და ხელი არ დავადე უდანაშაულო ადამიანს. ასე აღმოვჩნდი ემიგრაციაში. ჩემი ოჯახი, მათ შორის 8 წლის შვილიშვილი, მთელი 23 დღის განმალობაში ხელისუფლების მძევალი იყო და მათ ჩემს დასაშანტაჟებლად იყენებდა. ღვთის წყალობით, მათი გამოხსნა მოხერხდა და ორ წელზე მეტია ლონდონში ვცხოვრობ და ბიზნესით ვარ დაკავებული. დღევანდელი გადასახედიდან ვთვლი რომ, აბსოლუტურად სწორად მოვიქეცი, რადგან ღირსება ყველაფერზე მაღლა დგას“ – ამბობს ვანო ჩხარტიშვილი.
მისი თქმით, გაუგებარია ამ ეტაპზე ამ ჩანაწერების გავრცელების მიზანი: „ნამდვილად ვერ ვიმარჩიელებ, თუ რას ემსახურება წინასაარჩევნოდ აღნიშნული ჩანაწერების გავრცელება, ვერც იმაზე ვიმსჯელებ, თუ რომელი ჩამწერი სამთავრობო კანტორიდან ჟონავს ეს ინფორმაციები, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში,რომ ახლა მთავარია, შებღალული ღირსება აღვიდგინოთ და ამაში გადამწყვეტი 1 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნებია. სწორი და, რაც მთავარია, თავისუფალი არჩევანის გაკეთებით ჩვენს ქვეყანას ეყოლება ხალხის ნების გამომხატველი ხელისუფლება, რაც თავისთავად იქნება პირველი სერიოზული ნაბიჯი პიროვნული და მთელი ერის, ქვეყნის ღირსების აღდგენის გზაზე.“
ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება შეიცვლება, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია ქართული დემოკრატიის მთავარი ინსტრუმენტი გახდება.




