ახალი ამბები

ეკა ბესელია: გამოაქვეყნონ სასამართლოს ბრძანება, რის საფუძველზეც აწარმოებდნენ ფარულ ჩანაწერებს

27 სექტემბერი, 2012 •
ეკა ბესელია: გამოაქვეყნონ სასამართლოს ბრძანება, რის საფუძველზეც აწარმოებდნენ ფარულ ჩანაწერებს

“ამ ჩანაწერების შინაარსობრივ მხარეს ჯერ არ შევეხები იმიტომ, რომ ნებისმიერი შინაარსობრივი მასალის ფაბრიკაცია ძალიან მარტივად შეიძლება გახორციელდეს. ხელისუფლებას ეს რომ ძალიან კარგად ეხერხება, კარგად ვიცი.

 

აქ ფაქტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურადსაღები. პრაქტიკულად ხელისუფლება აღიარებს და თავისი ქცევით ადასტურებს, სრულიად აგონიური ქცევით, რომ არღვევს კონსტიტუციას და არღვევს ევროპის კონვენციას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ, რის შესაბამისადაც, აკრძალულია პირადი საუბრების მოსმენა, პირად ცხოვრებაში ჩარევა და ასეთი ფარული ჩანაწერების განხორციელება ოჯახში, სამსახურში და ა.შ. არავის აქვს უფლება, მსგავსი ოპერატიული ღონისძიებები განახორციელოს სასამართლოს ბრძანების გარეშე. სასამართლო ბრძანებაც გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სისხლის სამართლებრვი დევნა კონკრეტული პირების მიმართ. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ პირადად დამნაშავეებთან გვაქვს საქმე. გამოაქვეყნონ სასმართლოს ბრძანება, რის საფუძველზე ახორციელებდა ხელისუფლება ამ ფარულ ჩანაწერებს,”- აცხადებს ეკა ბესელია ნეტგაზეთთან საუბარში.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 27 სექტემბერს კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერების აუდიო მაკომპრომატებელი მასალები იუთუბით გავრცელდა, სადაც ერთ-ერთ ჩანაწერში ეკა ბესელია ამავე კოალიციის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის შესახებ საუბრობს: 

„ეს იდიოტი ზაქრო ქუცნაშვილი, ეს რას მოიგებს, ეს ხისთავიანი, ვერ იტანს ბიძინა მაგას, ვირეშმაკააო, ეგრე ეძახის. ვირეშმაკობს და ჰგონია, რომ ვერავინ ვერაფერს ხვდება, არადა ყველა ყველაფერს ხვდება, პირველ რიგში ბიძინა.”-ამბობს ბესელია აღნიშნული აუდიომასალის შესაბამისად. 

მასალების გადაბეჭდვის წესი