ფარულ ჩანაწერებში ზემოთაღნიშნული პირები მედია ბიზნესს განიხილავენ.
ვიდეოების ნაწილი “ვარდების რევოლუციის” შემდგომ პერიოდშია ჩაწერილი.
ერთ–ერთ ვიდეოზე ვანო მერაბიშვილი ბადრი პატარკაციშვილს ტელეკომპანია “იმედის” შესახებ ესაუბრება და ეუბნება, რომ მას “იმედის” ყურება დისკომფორტს უქმნის. ბადრი პატარკაციშვილი ვიდეოში ამბობს, რომ ის ვერ მიუთითებს ჟურნალისტებს თუ როგორ იმუშაონ, რადგან მას თავისუფალი სიტყვის ჩახშობაში დაადანაშაულებენ, ასევე პატარკაციშვილი ამბობს, რომ მას ამის მოტივაცია არ გააჩნია, რადგან ხელისუფლების მხრიდან ვერანაირ მხარდაჭერას ვერ გრძნობს:
“მთავარია, მე ვიგრძნო სულ ცოტა, რომ მე არ მებრძვიან, მე რასაც ვგრძნობ დღეს, რომ ნებისმიერი ჩემი ნებისმიერი გაფათურება ნებისმიერ მხარეს ხვდება მილიონ წინააღმდეგობას, მილიარდს, მილიონს და ერთს კი არა მილიარდ წინააღმდეგობას”, – ამბობს ბადრი პატარკაციშვილი.
კიდევ ერთ ვიდეოში, რომელიც გავრცელდა, ბადრი პატარკაციშვილის სახლში გამართულ შეხვედრას ზურაბ ჟვანია, მიხეილ სააკაშვილი, ეროსი კიწმარიშვილი და ვანო ჩხარტიშვილი ესწრებიან.
დახურულ შეხვედრაზე, მხარეები ტელებაზარზე შექმნილ ვითარებას განიხილავენ:
მიხეილ სააკაშვილი: “უნდა მოხდეს ინტეგრაცია. მე და ჟვანიასაც გვქონდა პრობლემები ერთმანეთთან, მაგრამ როცა ყველაფერი „გაიასნდა“ პირველი და მეორე თანამდებობა. ეს რომ „ჩაფლავდეს“ მე ვარ დაღუპული. ეს სხვა ამბავია, ჩვენ მეგობრები ვართ. მაგრამ მტრებს შორისაც შეიძლება ასეთი ურთიერთობის დამყარება. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ, მერე ისე რომ არ მოხდეს, რომ ისეთი სიუჟეტი გავიდეს და მოხდეს ყველაფრის „აფეთქება“.“
ბადრი პატარკაციშვილი: აბსოლუტურად პასუხს ვაგებ ყველა ჩემს სიტყვაზე. რასაც ვიტყვი რომ პრობლემა არ იყოს. რეალურად არსებობს ბაზარი. ფულის აღება შეიძლება პოზიციისა და ოპოზიციისაგან. იმისთვის ვზივარ აქ რომ შეთანხმებას მივაღწიოთ.
მიხეილ სააკაშვილი ეუბნება, ბადრი პატარკაციშვილს, რომ ის არ გადაიბირებს ინგა გრიგოლიას: შენ ხომ გქონდა ივანიშვილთან ასეთი შეთანხმება.
ბადრი პატარკაციშვილი: რა, ეროსისთან არ მქონდა? ჩემთან, იმიტომ წამოვიდნენ ჟურნალისტები, რომ აქ უფრო მეტი ხელფასია. მე რას უნდა ვუყურო, აბა, საბაზრო ეკონომიკა არ გვიშენებია და გადავიდეთ ისევ ძველ რეჟიმზე.
კიწმარიშვილი: რა გარანტია მაქვს?
პატარკაციშვილი: ჩვენი ერთადერთი გარანტია არის ეს ხალხი
კიწმარიშვილი: ყველაფერს აქვს თავისი ახსნა, მე რა გარანტია მაქვს…იქით კონკურენციაა, აქეთ სახეში დაბოლება.
პატარკაციშვილი: მე არ ვიპარავ ფილმებს, მინდა შევქმნა ნორმალური, ცივილური სისტემა, როგორიც არის ყველა ქვეყანაში.
ვიდეოები ცოტა ხნის წინ უცნობი ანგარიშიდან youtube-ის გვერდზე აიტვირთა.
აღნიშნულ ვიდეომასალებთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” შეეცადა დაკავშირებას პრეზიდენტიის პრესსპიკერთან მანანა მანჯგალაძესთან, პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის პრესსამსახურთან ზურაბ გვენეტაძესთან, თუმცა მათ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა თბილისის მერის გიგი უგულავას პრესსამსახურსაც, სადაც განგვიცხადეს, რომ შესაძლოა დღის ბოლოსთვის თბილისის მერმა ამ თემაზე კომენტარი გააკეთოს.
რაც შეეხება ეროსი კიწმარიშვილს, მან “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ არ იმყოფება თბილისში, არ უნახავს ვიდეომასალა და არც აპირებს მომავალში ამ საკითხზე რაიმე სახის კომენტარის გაკეთებას.
ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ადასტურებს, რომ კადრებში ასახული შეხვედრა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით 2003 წლის მიწურულს შედგა:
“ის ჯერ კიდევ არ იყო პრეზიდენტი, მაგრამ უკვე ნათლად ჰქონდა ჩამოყალიბებული დამოუკიდებელი მედიის განადგურების გეგმა. ეს კარგად ჩანს აღნიშნულ კადრებში.”







