ახალი ამბები

საია პროკურატურას პატიმარ თეთრაძის სიკვდილის გარემოებების გამოძიებას თხოვს

27 სექტემბერი, 2012 •
საია პროკურატურას პატიმარ თეთრაძის სიკვდილის გარემოებების  გამოძიებას თხოვს

საიას ცნობით, 2012 წლის 26 სექტემბერს  მსჯავრდებულმა ოლეგ რამიშვილმა განცხადებით მიმართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს. განცხადებაში აღწერილია  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განხორციელებული რიგი მართლსაწინააღმდეგო ქმედებები.  კერძოდ კი, განმცხადებელი საუბრობს გასული წლის სექტემბრის თვეში #8 დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის სერგო თეთრაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. მსჯავრდებული ეჭქვეშ აყენებს სერგო თეთრაძის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას, რომლის თანახმად, იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა გულის შეტევით და ასახელებს  თეთრაძის გარდაცვალების რეალურ მიზეზებს.

 

“მსჯავრდებულ ოლეგ რამიშვილის მიერ განცხადებაში მითითებული ფაქტები მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ნიშნების შესახებ, რომელიც გამოძიების დაწყების საფუძველია. შესაბამისად, დღეს, 27 სექტემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მსჯავრდებულ რამიშვილის განცხადება მიაწოდა მთავარ პროკურატურას და მოითხოვა გამოძიების დაწყება განცხადებაში მითითებულ ფაქტთან დაკავშირებით

 

საია მოითხოვს, საქართველოს მთავარმა პროკურატურმა უზრუნველყოს განცხადებაში მითითებული ფაქტის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიება”, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

 

განცხადებას თან დართული აქვს ოლეგ რამიშვილის განცხადება, რომელიც ამჟამად სასჯელს გლდანის #8 საპყრობილეში იხდის.

 

ოლეგ რამიშვილი წერს, რომ ის ციხეში პირადად შეესწრო, თუ როგორ შემოაკვდათ ცემისას ციხის თანამშრომლებს სერგო თეთრაძე.

 

თადარიგის ოფიცერი, ომის ვეტერანი და ყოფილი მზვერავი, 57 წლის სერგო თეთრაძე, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გასული წლის 17 სექტემბერს დააკავეს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა. ამ პერიოდში ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა, მეგის ქარდავა კი  სამხედრო პოლიციას ხელმძღვანელობდა. მანამდე ქარდავა შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. მას შემდეგ, რაც შს მინისტრად ბაჩო ახალაია დაინიშნა, ამავე უწყებაში მან თან გაიყოლა როგორც მეგის ქარდავა, ისე ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად “ქილერა”. 

 

სერგო თეთრაძის ოჯახს დაკავებიდან 6 დღეში, 2011 წლის 23 სექტემბერს, ღამით აცნობეს, რომ პატიმარი გლდანის საპყრობილეში გულის შეტევით გარდაიცვალა. თუმცა ოჯახს დღემდე არა აქვს ზუსტი ინფორმაცია, რა გახდა პატიმრის გარდაცვალების მიზეზი ციხეში, ან რისთვის დააკავეს ის. სერგო თეთრაძე სავარაუდოდ ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული, თუმცა ამაზე ზუსტი ცნობები მაშინ არც ერთ პასუხისმგებელ უწყებას არ გაუვრცელებია.

 

თეთრაძის სიკვდილში ციხის თანამშრომელთა ბრალეულობაზე ვლადიმერ ბედუკაძემაც ისაუბრა, რომელმაც ციხეში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა.

 

მსჯავრდებულ რამიშვილის განცხადება

მასალების გადაბეჭდვის წესი