ახალი ამბები

სტუდენტთა საკოორდინაციო საბჭოს განცხადება

26 სექტემბერი, 2012 • 1121
სტუდენტთა საკოორდინაციო საბჭოს განცხადება

“ჩვენ, ქართველი ახალგაზრდები და არა მარტო ქართველი ახალგაზრდები გავერთიანდით საერთო მოთხოვნის ქვეშ. ჩვენ ვგმობთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას. დღევანდელი მდგომარეობა გვიბიძგებს იმისაკენ, რომ გავაპროტესტოთ ის, რამაც ჩვენს საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენა. ჩვენ ერთიანი, ერთი ღირსების მქონე საზოგადოება ვართ. პატიმრებზე განხორციელებული მარაზმით პენიტენციალურმა სისტემამ არა მარტო მათ, არამედ მთელ საზოგადოებას მოგვაყენა შეურაცხყოფა. დღეს ჩვენ ყველანი, რეჟიმის მძევლები, ვავალდებულებთ ჩვენ მიერ დაქირავებულ მთავრობას პენიტენციალურ სისტემაში დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის გამო, პასუხი აგოს ყველა დანაშაულზე, დაწყებული ყველაზე ზემდგომი პირიდან, დამთავრებული რიგითი ბადრაგით.
სისტემა უნდა დაინგრეს, რადგან თქვენ, ჩვენმა მთავრობამ ვერ შეასრულეთ დაკისრებული მოვალეობები. საზოგადოება უნდობლობით აღჭურვილია, ამიტომ მოგიწოდებთ, სასწრაფოდ მიიღოთ ზომები. არა მარტო ერთეულები, არამედ მთელი საზოგადოების მიერ დაქირავებული ყველა პირი უმკაცრესად დაისაჯონ, რომელსაც ჰქონდათ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა ემართათ, ასევე ეკონტროლებინათ პენიტენციალური სისტემა. მოვითხოვთ, დაცული იყოს პატიმრების უფლებები, დაცული იყოს იმ კონსტიტუციით, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს. უზრუნველყოფილი იქნენ ჯანდაცვით, რადგან გვაქვს ინფორმაცია, რომ სახელმწიფო გულგრილად ეპყრობა მათ ჯანდაცვას. ჩვენ მოვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას და მოვითხოვთ კანონის ფარგლებში ჩატარდეს არჩევნები. რადგან ხალხში უნდობლობაა და სწორედ ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, მთავრობამ აღიდგინოს სტატუსი, შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები და ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები.
ჩვენ არ გაპატიებთ გაყალბებულ არჩევნებს. მოგიწოდებთ, რომ გულგრილობა დანაშაულია. თქვენ გაქვთ პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოთ არჩევნების სამართლიანად ჩატარება. მთავრობის მიერ ყველა გაყალბების მცდელობის დაშვება და არდაგმობა და, შესაბამისად, რეაგირების არგაკეთება უტოლდება განხორციელებული პენიტენციალური დანაშაულის სისასტიკეს და ყოველივე ამის ჩამდენი არის ის ჯალათი, რომელიც გამოაშკარავდა.
ჩვენ მშვიდობიანად გამოვხატავთ ჩვენ პროტესტს. არა ძალადობას. ჩვენ გვტკივა თქვენი დემოკრატია. ჩვენ გავიღვიძეთ და ერთ მუშტად შეკრულნი ვგმობთ უსამართლობას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სტუდენტთა საკოორდინაიო საბჭოს წარმომადგენლები აწერენ ხელს.

განცხადება სტუდენტებმა სახელმწიფო კანცელარიაში ჩააბარეს. სტუდენტთა აქცია დღეს ამით დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი