ახალი ამბები

როდის შეიქმნება ციხეებში მონიტორინგის საზოგადოებრივი საბჭო

26 სექტემბერი, 2012 •
როდის შეიქმნება ციხეებში მონიტორინგის საზოგადოებრივი საბჭო

საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს შექმნაზე, რომელმაც ციხეებში დამოუკიდებელი მონიტორინგი უნდა განახორციელოს, დღეს, 26 სექტემბერს სასჯელაღსრულების სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს. 

 

20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო მიწვეული სასჯელაღსრულების სამინისტროში. მათ შორის იყო– საია, ‘საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო’, ფონდი ‘ღია საზოგადოება საქართველო’, გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში, ემპათია, ალპე, რელიგიური უმცირესობებისა  და მედიის წარმომადგენლები. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ისინი ციხეებში საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის კონცეფციებს წარმოადგენენ, რის შემდეგაც პოზიციები შეჯერდება და საბჭო ფუნქციონირებას დაიწყებს. 

 

“მე როგორც მინისტრმა მივიღე გადაწყვეტილება, გარკვეულწილად დღევანდელი შეხვედრით კონკრეტული საფუძველი ჩამეყარა ამ კონკრეტული პროცესისთვის. შევთავაზეთ შეხვედრის მონაწილეებს, რომ რამდენიმე დღეში, სადღაც ორი კვირის ვადაში წარმოადგინონ კონცეფცია, თუ როგორ ხედავენ ისინი ამ საბჭოს ფუნქციონირებას, შესაბამისად, ძალიან მალე, იმედს ვიტოვებ, როდესაც შევაჯერებთ ყველა ელემენტს, მოხდება საბჭოს დაკომპლექტება და მას ექნება საშუალება, დამოუკიდებლად განახორციელოს მონიტორნგი სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში,”- განაცხადა გიორგი ტუღუშმა, სასჯელაღსრულების ახალმა მინისტრმა.

 

ქეთი ხუციშვილი, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ასევე იყო მიწვეული აღნიშნულ შეხვედრაზე. ის ამბობს, რომ საზოგადოებრივი მონიტორნგის საბჭოს საქმიანობის განხორციელება გაუჭირდება, თუკი ციხეებში გადაღებული მასალები არ გაიხსნება. 

 

“დღეს მხოლოდ პირველი შეხვედრა იყო, ამ შესაძლებელი საბჭოს შექმნის მიზნით. კონკრეტული მონახაზი ჯერ არ ჩანს, მაგრამ ბევრს მიაჩნია, რომ თუკი ამ საბჭოს არ ექნება იმის უფლება, მოისმინოს ყველა ის ჩანაწერი, რომელიც ციხეებში არის, ჩანაწერები დერეფნებიდან, ეზოდან თუ საკნებიდან, მაშინ, რა თქმა უნდა, სერიოზული საქმიანობა ცოტა გაჭირდება,”- ამბობს ქეთი ხუციშვილი.

 

ინიციატივა საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე, რომელმაც ციხეებში მონიტორინგი უნდა განახორციელოს, გიორგი ტუღუშმა მინისტრობის პოსტზე დანიშვნის შემდეგ წარმოადგინა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი