ახალი ამბები

არის თუ არა რევიშვილი კრიმინალური ავტორიტეტი?

26 სექტემბერი, 2012 •
არის თუ არა რევიშვილი კრიმინალური ავტორიტეტი?

კითხვაზე, თუ რაში გამოიხატება რევიშვილის კრიმინალური ავტორიტეტობა, ხიზანიშვილი პასუხობს, რომ იმ მუქარასა და ზეწოლაში, რასაც ის საქართველოს მოქალაქეებზე ახორციელებდა და რაც ასახულია შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ სატელეფონო საუბრებში.

 

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, აქვს თუ რევიშვილს წარსულში კრიმინალური საქმიანობისთვის კანონის წინაშე პასუხი ნაგები? – ხიზაშვილის განცხადებით, ლევან რევიშვილი წარსულში ნასამართლევი არ არის.

 

არიან თუ არა დაკავებულები ის პირები, რომლებიც დღეს გამოქვეყნებულ სატალეფონო საუბრებში ფიგურირებენ, შს მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ დადასტურებით შეუძლია თქვას მხოლოდ ერთი, რომ დაკავებულია “კანონიერი ქურდი” დავით ხიზანიშვილი.

 

არის თუ არა ლევან რევიშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, როგორც ამაზე ტელეკომპანია “მაესტრომ” გაავრცელა ინფორმაცია? – ამ კითხვაზე შოთა ხიზანიშვილი პასუხობს, რომ არა აქვს მნიშვნელობა, პირი “ნაციონალური მოძრაობის” მაისურს ჩაიცმევს, თუ “ლეიბორისტების”.

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სპიკერი ჩიორა თაქთაქიშვილი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ლევან რევიშვილი მმართველი პარტიის კოორდინატორია: 

 

“ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. უწყებათაშორის კომისიას და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას მიეწოდა ჩვენი კოორდინატორების სია, შესაძლებელია ამ ინფორმაციის გადამოწმება. გავრცელებული კადრებიდან, ალბათ, ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ეს პიროვნება დაკავებული იყო “ქართული ოცნების” სასარგებლოდ კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით საქართველოს მოქალაქეებზე ზეწოლის განხორციელებისთვის. ამის პარალულურად რაიმე მცდელობა “მაესტროს” თუ სხვა ორგანიზაციების მხრიდან, რომ ეძებონ გარკვეული კვალი “ნაციონალურ მოძრაობასა” და რევიშვილს შორის, აბსურდულია”, – აცხადებს ჩიორა თაქთაქიშვილი.

ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელსაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” კოორდინატორების სია მიაწოდა, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა”. საიას წარმომადგენელი თათული თოდუა “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ მათ მმართველმა პარტიამ მიაწოდა 3601 პირისგან შემდგარი სია, რომლებიც არიან მმართველი პარტიის კოორდინატორები. ამ სიაში, თოდუას თქმით, ლევან რევიშვილი არ იძებნება, თუმცა საიას წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს არის სია, რომელიც მათ “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიაწოდა და მასზე დაყრდნობით, რევიშვილზე რაიმეს უარყოფა ან მტკიცება შეუძლებელია. 

 

“შესაძლოა, ის იყოს უბრალოდ აქტივისტი და მოსახლეობაში მას უწოდებდნენ კოორდინატორს,” – აცხადებს თათული თოდუა.

 

რაც შეეხება ფოტომასალას, რომელზეც ლევან რევიშვილი გამოსახულია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაისურით, ჩიორა თაქთაქიშვილი ამბობს:

“ნაციონალური მოძრაობის მაისურები ძალიან მასობრივად რიგდება სხვადასხვა ღონიძიებაზე. არასოდეს არ ჰქონია რაიმე კავშირი, მით უმეტეს, კოორდინატორის სახით ამ პიროვნებას “ნაციონალურ მოძრაობასთან.”

 

შეგახსენებთ, რომ დღეს შსს-მ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელშიც გამოყენებულია ფარული სატელეფონო საუბრები, სადაც “კანონიერი ქურდის” დავით ხიზანიშვილის სახელით ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ლევან რევიშვილი ესაუბრება სხვადასხვა პირებს ოპოზიციის, კერძოდ, “ქართული ოცნების” მხარდაჭერის ფორმების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი