ციხეებში შექმნილი ვითარება, მოახლოებული არჩევნები და საფრთხე რუსეთიდან, -ეს ის ძირითადი საკითხები იყო, რომელთა შესახებაც მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 25 სექტემბერს, გაეროს 67-ე ასამბლეაზე გამოსვლის დროს ისაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს სასჯელარსრულების დაწესებულებაში მომხდარი ძალადობის ფაქტები დაგმო და ილაპარაკა იმაზე, თუ როგორ დაუყოვნებლივ და ეფექტურად მოახდინა რეაგირება ხელისუფლებამ.
“ჩემი ქვეყანა გასულ კვირას კვლავ დაუპირისპირდა გამოწვევას, როდესაც პატიმართა წამების ფაქტები გამოაშკარავდა საპატიმრო სისტემაში. ეს იყო ამაზრზენი, ჩვენი რეაქცია კი მკაფიო. ვიმოქმედეთ სწრაფად და გავაკეთეთ ის, რაც დემოკრატიულმა ქვეყანამ უნდა გააკეთოს. დავადგინეთ ყველა პასუხისმგებელი პირის ვინაობა და დავაპატიმრეთ. თანამდებობიდან გადადგა ორი მინისტრი, სასჯელაღსრულების და შინაგან საქმეთა. სასჯელაღსრულების სისტემა ჩავაბარეთ ადამიანის უფლებათა დამცველს, უმბუდმენს, რომელიც ყველაზე მეტად აკრიტიკებდა ამ სისტემას,”- განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველო, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, სწავლობს და ასეთი გზებით შეუძლია დაძლიოს წარსულში დაშვებული შეცდომები.
მიმართვაში სააკაშვილი მსოფლიო თანამეგობრობას ქვეყანაში არჩევნების წინ რუსეთის საფრთხის ფაქტორებზე ესაუბრა და მოუწოდა, დროული რეაგირება მოახდინონ გარე საფრთხეებზე, რომელიც რუსეთიდან მოდის.
“მე მოგმართავთ ჩემს ქვეყანაში მნიშვნელოვანი არჩევნების წინ. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ იმ მოვლენებს, რომლებიც საქართველოში ხდება. საქართველოში დემოკრატია გაიმარჯვებს, თუ ეს არჩევნები მხოლოდ ქართულ პროცესად დარჩება. მინდა ყურადღება გავამახვილო ქვეყნის გარედან გამოწვეულ საფრთხეებზე. რუსმა სამხედროებმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღეს, ჩაეტარებინათ მასშტაბური სამხედრო წვრთნები.
პირველ ოქტომბერს ჩემი ხალხი ახალ პარლამენტს აირჩევს, ჩვენ მოუთმენლად ველით ამ დღეს და შესაძლებლობას, განვაახლოთ და გავაძლიეროთ ფუნდამენტური სოციალური კონტრაქტი, რაც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, აირჩიონ საკუთარი ლიდერები. ვალდებულება ავიღე იმისა, რომ ეს არჩევნები იქნება უფრო სამართლიანი და თავისუფალი, ვიდრე წინა არჩევნები იყო. გადავდგით უამრავი ნაბიჯი ამ მიზნის მისაღწევად. მე აქ მოვედი იმის სათქმელად, რომ საქართველო დარჩება ღია საზოგადოებად. ეს არის ჩვენი მოქალაქეების არჩევანი და ამას არ აქვს ალტერნატივა,”- განაცხადა პრეზინდეტმა.