პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, 2011 წლის 9 ნოემბერს კრიმინალური ავტორიტეტის რევაზ ლორთქიფანიძის სახლში შეიკრიბნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლები. ამ შეხვედრას ესწრებოდა, ვინმე გოგი, რომელიც რეალურად გოგა ხაინდრავა აღმოჩნდა. მასალების მიხედვით, ხაინდრავა ერთადერთი იყო, ვინც ლორთქიფანიძის სახლი იმავე ღამეს არ დატოვა და მხოლოდ 11 ნოემბერს დატოვა მისი საცხოვრებელი.
პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალების მიხედვით, ქართველმა პოლიტიკოსმა კრიმინალურ ავტორიტეტებს დახმარება სთხოვა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში, სანაცვლოდ კი ისინი “ვარდების რევოლუციამდე” არსებულ მდგომარეობას აღიდგენდნენ და ძველ გავლენას დაიბრუნებენ.
გავრცელებული მასალის მიხედვით, ქართული ოპოზიციური ძალა ქვეყანაში დესტაბილიზაციას, არეულობას და “მხედრიონის” მსგავსის აღდგენას გეგმავდა.
საქართველოს პროკურატურამ გოგა ხაინდრავა დაიბარა. გოგა ხაინდრავა სახელმწიფო მინისტრად კონფლიქტების მოგვარების საკითხში “ვარდების რევოლუციის” შემდეგ დაინიშნა და ეს თანამდებობდა 2006 წლის ივლისამდე ეკავა. ამის შემდეგ ხაინდრავამ ოპოზიციის რიგებში გადაინაცვლა. ამჟამად ის “ამომრჩეველთა ლიგის” წევრია.